სკოტ მაკტომინეის „ნაპოლიში“ ლიდერის როლის მოსარგებად სულ რამდენიმე თამაში დასჭირდა. შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ანტონიო კონტეს 4-2-3-1 სქემის შექმნაში დიდი დახმარება გაუწია. მისი საუკეთესო თვისებები მხოლოდ კარში დარტყმა და თავურები კი არ არის, არამედ შეტევა, საჯარიმოზე ზეწოლა, მძლავრი მაღალი პრესინგი და ბევრი უკან ჩარბენაც გახლავთ („იუვენტუსთან“ და „მონცასთან“ შეხვედრებში ის იყო ერთადერთი, ვინც 12 კილომეტრზე მეტი ირბინა). გარდა ამისა, მისმა გამოჩენამ საშუალება მისცა ანგისას ― რომელსაც წინა სისტემის თანახმად გარღვევები ევალებოდა, თუმცა ბევრ გოლს ვერ გამოიმუშავებდა ― უფრო მოხერხებული როლი მოერგო და იმავდროულად ჩვეული პოზიციაც არ დაეკარგა. სხვა სიტყვებით, გუნდში წონასწორობა არ დარღვეულა.
მაშ რატომ თქვა ზოგმა, რომ მაკტომინეიმ შესაძლებლობებზე ცუდად ითამაშა? იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ფეხბურთელს მხოლოდ იმ ეპიზოდების მიხედვით სჯის, როდესაც ის ბურთს ფლობს. მაკტომინეი კი სულ ბურთით არასდროს იქნება. „იუვენტისთან“ შეხვედრაში ის ბურთს 31-ჯერ შეეხო და 21 პასი შეასრულა, „მონცასთან“ კი 36 შეხებიდან 18 პასი იყო. ეს გახლავთ პიოტრ ჟელინსკის საშუალო მაჩვენებლის ნახევარი თუ მესამედი, მაგრამ ამ ორი ნახევარმცველის სტილი განსხვავებულია. ტურინში შოტლანდიელმა ბურთით რამდენიმე გარღვევაც განახორციელია, „მონცასთან“ კი ასე არ გაუკეთებია, რადგან მეტოქე ზონაში დიდხანს დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა და მან ამის გამო სხვა გადაწყვეტილებები მიიღო.
„მონცასთან“ მაკტომინეი უფრო ეფექტური იყო, ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა. გაიხსენეთ პირველი გოლი. მან მიიპყრო იცოს და ბიანკოს ყირადღება, რითაც პოლიტანოს ხელ-ფეხი გაუხსნა. ყოველთვის, როდესაც ლუკაკუ გადმოვარდნილი ბურთის მისაღებად შეტევას ჩამორჩებოდა ის პირველი ფორვადის პოზიციას იკავებდა და სწორედ ამან შეუწყო ხელი კვარა „ნაპოლის“ მეორე გოლის გატანაში. და კიდევ, მეორე ტაიმში იყო ორი მომენტი, როდესაც მან უბრალოდ ბურთი ვერ მოიხელთა. ასე რომ ყველა, ვინც „მონცასთან“ შეხვედრაში მაკტომინეის თამაშით უმაყოფილო დარჩა, სავარაუდოდ კარგად არ აიცნობს ამ ფეხბურთელს და არ ითვალისწინებს როგორც მის მახასიათებლებს ასევე როლს, რომელსაც ის კონტეს 4-2-3-1 სქემაში ასრულებს.
ანტონიო გაიტო, tuttonapoli