Carnival and the mother's femicide: "I collected her brain and took it to the police who did not intervene"ძველ გულშემატკივარს კარგად ეხსომება იტალიელი თავდამსხმელი ანდრეა კარნევალე, რომელმაც კარიერის განმავლობაში ათ გუნდში ითამაშა, მათგან ორში ორჯერ. ამ გუნდებს შორის იყო „უდინეზე“, „ნაპოლი“ და „რომა“. „ნაპოლის“ მაისურით კარნევალემ ოთხ წელიწადში 105 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაიტანა. მან ათჯერ მოირგო იტალიის ნაკრების მაისურა, მათ შორის მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე.

დღეს ანდრეა კარნევალე უჩვეულო მიზეზმა გაგვახსენა. ტურინულ „ლა სტამპასთან“ ინტერვიუში 63 წლის ვეტერანმა გაიხსენა ტრაგედია, რომელიც მას 14 წლის ასაკში შეემთხვა: მამამ დედა ნაჯახით მოკლა. მამამ პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთ წელიწადი გაატარა, იქიდან გამოსულმა კი დანაშაულის ადგილზე შვილის თვალწინ თავი მოიკლა. კარნევალე იგონებს:

„ტრაგედიის ყველა წინაპირობა არსებობდა. მამა ერთხანს გერმანიაში რკინიგზაზე მუშაობდა, მუშა იყო, იქიდან დაბრუნებულს კი უცნაური ქცევა დასჩემდა. შემდეგ მან დედის ცემა დაიწყო. ეს ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგალითად სადილობისას. შვილებს არ გვერიდებოდა, ჩვენს თვალწინ ურტყამდა. რამდენჯერმე მივედი პოლიციაში, მაგრამ მიპასუხეს სანამ სისხლი არ დაიღვრება ჩარევის უფლება არ გვაქვსო. შინ მუდამ ტერორის გარემო იყო. ძალადობა, განსაკუთრებით დედის მიმართ, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მომხდარიყო. ასე ნაცემი დადიოდა დედა შვილების თვალწინ რამდენიმე წლის განმავლობაში.

მონტე სან ბიაჯიო პატარა ქალაქია და ამიტომ ყველაფერს სირცხვილის განცდა ემატებოდა. დედაჩემი კარგი ქალი იყო, მამა კი ეჭვიანობას ჰყავდა შეპყრობილი. ერთ დილას მამამ გაიღვიძა, ნაჯახი აიღო და მივიდა მდინარის პირას, სადაც დედა ტანსაცმელს რეცხავდა. ჩვენ ბარაკებში ვცხოვრობდით. იქვე, მდინარესთან თამაშობდა ჩემი და… მერე მე დედაჩემის ტვინი ავიღე და ბარაკში შევიტანე. „ხედავ, რა მოხდა? ხომ გეუბნებოდი? ახლა შეგიძლიათ ჩაეროთ? დაიღვარა სისხლი?“ – ვუთხარი მარშალს. თუმცა დღეს გულში წყენა არ მიდევს. მამაჩემი ავადმყოფი კაცი იყო. მას მკურნალობდა სჭირდებოდა.

ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ჩემი ორი ძმისა და ხუთი დისთვის რის გაკეთებაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. დღისით ვმუშაობდი, გვიან კი ფეხბურთში ვვარჯიშობდი. ყველანაირ საქმეს შევეჭიდე. ვიყავი მექანიკოსი, მჭედელი, მხერხავი. ტრაგედიამ ვერ გამტეხა. ტკივილი და ბრაზი სადღაც ღრმად გულში ჩავკეტე. ცხოვრებაში რაგინდ ძნელი იყოს ყველაფერს პასუხი უნდა გასცე. დედა რომ მომიკლეს თავი დავხარე და მიზანი დავისახე. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდი“.