უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო და ვაჟთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა.

ქალებმა საბერძნეთი 3:1 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძეს სტავრილა ცოლაკიდუსთან დებიუტი არ გამოუვიდა, მაგრამ მაინც მოახერხა პარტია მისთვის უკეთეს პოზიციაში გადაეყვანა. თუმცა, ბოლოს ყაიმს გამორჩა; ანალოგიური განვითარება იყო ლელა ჯავახიშვილისა და ანასტასია ავრამიდუს შორის: ქართველს თავიდან უარესი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ გამოასწორა და – ყაიმი; საქართველოს გამარჯვების მომტანი ქულები ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ მოუტანეს: ბაციაშვილმა 21ე- სვლაზე მოსაგები პოზიცია მიიღო, მაგრამ იქვე ჯერ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, შემდეგ მეორეც მიაყოლა და 26-ე სვლაზე დაფაზე ყაიმი ჩანდა. თუმცა, ჩვენებურმა ენდშიპლში კვლავ დიდი უპირატესობა მიიღო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა; სალომე მელიამ კი დებიუტში უკეთესი პოზიცია მიიღო, შემდეგ ხარისხიც მოიგო და პარტიაც.

ოთხი ტურის შემდეგ შვიდი გუნდი უდანაკარგოა, შემდეგ მოდის ხუთი შვიდქულიანი ნაკრები, მათ შორისაა საქართველოც, რომელიც დამატებითი მაჩვენებლით მეათეა.

ვაჟებმა საკმაოდ ძლიერ ინგლისის ნაკრებთან, რომელიც ტურნირზე მერვე ნომრად არის განთესილი, 2:2 ითამაშეს.

ბაადურ ჯობავამ მესამე დაფაზე ლუკ მაკშეინს აჯობა, ლუკა პაიჭაძე მეორე დაფაზე მაიკლ ადამსს დაუზავდა, ხოლო მესამეზე ლევან ფანცულაია – გევინ ჯოუნსს. პირველ დაფაზე მოთამაშე ნიკოლოზ კაჭარავას თავიდანვე რთული პოზიცია ჰქონდა და ბოლომდე იბრძოდა, რომ გუნდისთვის საჭირო გამარჯვება მოეტანა, გამოასწორა კიდეც სიტუაცია და თითქოს მორიგი ორი ქულა უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ ენდშპილში შეცდომა დაუშვა და 113-ე სვლაზე დანებდა.

2-2 მოგებითა და ყაიმით ვაჟთა ნაკრები მე-17 პოზიციაზეა.