პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მედალი გარანტირებული აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი მესამე ცდაზე ოქროს მოპოვებას შეეცდება. პეტრიაშვილმა (125კგ) შეჯიბრება ბრწყინვალედ დაიწყო და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო. პირველ პერიოდში ქართველი ფალავანი მეტოქის პასიურობის გამო 1:0 დაწინაურდა. აი, მეორე პერიოდი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 9:0 წაიყვანა, რასაც შემდეგ 2 ქულა მიაყოლა და ვადაზე ადრე გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში გენო პოლონელ რობერტ ბარანს დაუპირისპირდა და მეორე ორთაბრძოლაშიც დამაჯერებლად იმარჯვა – 9:2. ნახევარფინალში კი, ქართული დერბი შედგა – ერთმანეთს შეხვდნენ პეტრიაშვილი და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი. გენო პირველ პერიოდში 2:0 დაწინაურდა. გორელმა აქაც მეორე პერიოდში მოუმატა და 7:0 მოიგო.
ფინალი 10 აგვისტოს გაიმართება და პეტრიაშვილის მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედალი აქვს და საერთო ჩათვლაში ამ მაჩვენებლით 38 ადგილზე იმყოფება.