Argentina's rugby sevens team had every try they scored booed by the French crowd
არგენტინის შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ოლიმპიადაზე სტვენის თანხლებით წააგო

არგენტინელი ფეხბურთელის ენცო ფერნანდესის რასისტულმა ნამღერმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ მასზე საფრანგეთისა და არგენტინის პრეზიდენტები საგანგებოდ აპირებენ დალაპარაკებას. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „ჩელსის” არგენტინელმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, რომელშიც ის და მისი თანაგუნდელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებზე აგდებით იძახიან, ეგენი ყველანი ანგოლადან არიანო.

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ხუთშაბათს პარიზს ჩაფრინდა, რათა ემანუელ მაკრონს პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე გამწვავებულ საკითხზე დალაპარაკებოდა.

სხვათა შორის, პარიზის ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირზე უკვე მოხდა არეულობა. არგენტინისა და მაროკოს ნაკრებების შეხვედრაზე გუშინ ვწერდით. ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ფორმალურად თითქოს მხოლოდ VAR იყო, მაგრამ ევროპელი მიმომხილველების აზრით, მაროკოელი გულშემატკივარი ასე ძალიან სწორედ იმან გააღიზიანა, რომ მათი ნაკრები „რასისტი არგენტინელების” გუნდს ხვდებოდა და მსაჯების შეცდომა მათთან შეხვედრაში ორმაგად აუტანელი გამოდგა.

ჯერაც „არ-გახსნილ” ოლიმპიადაზე არგენტინელებმა ეგრეთწოდებული ტოქსიკური გარემო „სტად დე ფრანსზე” შვიდკაცა რაგბის ფლეი-ოფშიც იგრძნეს, როდესაც მათი ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა და 14:26 წააგო. შედეგი იქით იყოს და არგენტინელების ბურთთან ყოველ მიკარებაზე ტრიბუნებზე ღრიანცელი და სტვენა იწყებოდა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფერნანდესის ვიდეოს გამო ოფიციალურადაც იჩივლა.

ფერნანდესმა და მისმა თანაგუნდელებმა (თუმცა განტევების ვაცად ალბათ მხოლოდ „ჩელსის” ნახევარმცველი დარჩება) სკანდალური ვიდეო მაიამიში, „კოპა ამერიკას” ფინალში კოლუმბიასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ ჩაწერეს. ვინმე იკითხავს, „კოპა ამერიკასთან” ფრანგები რა შუაში არიანო. რასაკვირველია არაფერში. არგენტინელები ეტყობა დღემდე 2022 წელს მოგებულ მსოფლიოს ჩემპიონატს აღნიშნავენ. ყოველ შემთხვევაში, სიმღერა ფრანგების ანგოლური წარმოშობის შესახებ იმდროინდელია. მაშინ არგენტინამ საფრანგეთს ფინალში 3:3-ის შემდეგ პენალტებით მოუგო.

ცეცხლზე ნავთი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილარუელმა დაასხა, როდესაც თავისი ქვეყნის ფეხბურთელების დასაცავად თქვა, „კოლონიალური” ქვეყნის კრიტიკას ვერ მივიღებო. ხოლო როდესაც სპორტის მინისტრმა ხულიო გარომ „ალბისელესტეს კაპიტან” ლეო მესის საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა, პრეზიდენტმა მილეიმ ის თანამდებობიდან მოხსნა.