„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება.
შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი ლორენცოზეც იმოქმედა.
დი ლორენცოსთან დაკავშირებით ჯიუფრედიმ ორი ამბავი გაიხსენა: ის ფლორენციაში თამაშის დროს ავად გახდა, რაც პრესამ სხვანაირად მოყვა და „ლეჩესთან” შეხვედრის ბოლოს კაპიტანი შეცვალეს, რამაც ტრიბუნებზე გულშემატკივრის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ამ ორმა ეპიზოდმა ფეხბურთელს ძალიან აუცრუა გული.
დი ლორენცოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა „ნაპოლის” მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა. ჯიუფრედიმ კონტე შეაქო, რადგან მან კაპიტანს მოუსმინა და ნდობა გამოუცხადა.
აგენტმა გაიხსენა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან რამდენიმე შეხვედრაც და ურთიერთობათა განვითარება, რამაც საბოლოოდ დი ლორენცოს პრობლემის გადაჭრა მოიტანა.
ჯიუფრედი: „გამორჩევით კი მინდა გავიხსენო „იუვენტუსთან” დაკავშირებული ამბები. ამის შესახებ რა არ მოვისმინე, მაგრამ მკაფიოდ მინდა თქვა, რომ ტურინელებს ერთხელაც არ შევხმიანებივარ, რათა მათთვის ჩემი რომელიმე ფეხბურთელი შემეთავაზებინა. მე მხოლოდ საჯარო განცხადებებს ვაკეთებდი. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ დი ლორენცო სატრანსფერო ბაზარზეა. „იუვენტუსთან”, „რომასთან” და „ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებების მაგიდას არასდროს მივჯდომივარ. ეს მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ დი ლორენცო „ნაპოლის” დატოვებდა, ისინი ჩემთან მოლაპარაკებებს ისურვებდნენ. „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი კი ყოველთვის კორექტული იყო, აღარაფერს ვამბობ მის გამჭრიახობაზე. ჯიუნტოლის არასდროს გადაუკვეთავს საზღვარი და არასდროს უთქვამს იმაზე მეტი ვიდრე შემდეგი სიტყვებია: „თუ(!) დი ლორენცო „ნაპოლის” დატოვებს, მაშინ ჩვენ ინტერესს გამოვიჩენთ”.
პირველი კლუბი, რომელმაც დამირეკა „ინტერი” იყო. მედიამ, „იუვენტუსის” თემა წამოწია, მაგრამ პირველი „ინტერი” იყო. დენზელ დუმფრისს „ნარაძურისთან” ერთი წელიწადი აქვს დარჩენილი და ახალი მცველის შესახებ ინფორმაცია სჭირდებოდათ”.
შემდეგ ჯიუფრედიმ ილაპარაკა თავის სხვა კლიენტებზე: მარიო რუიზე, მატეო პოლიტანოსა და მაიკლ ფოლორანშოზე. ნიგერიული წარმოშობის იტალიელი ფოლორანშო სავარაუდოდ „ნაპოლიში” გააგრძელებს კარიერას — 2020 წლიდან ის იჯარის წესით გახლდათ გაშვებული სხვადასხვა კლუბში, ბოლოს „ვერონაში”.
„ჩემი ფეხბურთელებიდან „ნაპოლის” ალბათ მხოლოდ მარიო რუი დატოვებს. ნეაპოლში გატარებული 7 წლის შემდეგ მას შინ, ოჯახთან ახლოს დაბრუნების სურვილი გაუჩნდა”, — თქვა ჯიუფრედიმ.
ბოლოს ისიც აგენტმა თქვა, რომ ტყუილია, თითქოს კაპიტანი „ნაპოლისგან” ხელფასის მომატებას ითხოვდა და მთელი გაუგებრობა ამას მოჰყვა. მან დასძინა, რომ დე ლაურენტისი დი ლორენცოს ყოველთვის პატივს სცემდა და მისი ფასი კარგად ესმოდა.
„ჩვენ ეკონომიკური საკითხი ერთხელაც არ წამოგვიჭრია”, — თქვა ჯიუფრედიმ.