საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. კანტონამ საზოგადოებას ახალი Ford Capri წარუდგინა, საუბარი კი თანამედროვე ფეხბურთს შეეხო.
„მე ქვეყნიერებაზე დაკვირვება მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ვაკვირდები ადამიანებს და მერე საკუთარ სამყაროს ვქმნი”, — თქვა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა.
კანტონას ცხოვრება საკუთარი თავის დაუსრულებელი ძიებაა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ თავისუფლებისკენ მიილტივს. მან ექვსი წლის წინ თქვა, რომ ფეხბურთმა ცხოვრებას აზრი შესძინა, ახლა კი თავად ცხოვრება სძენს ფეხბურთს აზრს.
„ბოლო ექვს წელიწადში ბევრი არაფერი შეცვლილა, — თქვა ფრანგმა The Athletic-თან ინტერვიუსი, — ფეხბურთი ბევრი ადამიანის შეხვედრის ადგილია. ერთხელ, 10 წელიწადზე დიდი ხნის წინ, ფეხბურთზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე. მისი მთავარი თემა ემიგრაცია გახლდათ. განვიხილე საფრანგეთის ბოლო 100 წლის ისტორია და ამ პერიოდის სხვადასხვა წარმოშობის ემიგრაციის ტალღები. დაისვა კითხვა: ვინ გადაარჩინა ფრანგული ფეხბურთი? ვინ მიაწოდა ფრანგულ ფეხბურთს მოთამაშეები? ჩემი პაპა-ბებია 1939 წელს ესპანეთიდან სამოქალაქო ომს გამოექცნენ. საფრანგეთში ფეხბურთს თამაშობ ადამიანებთან, რომლებიც აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ”.
როდესაც საუბარი „მანჩესტერ იუნაიტედის” მეწილეთა რიგებში მომხდარ ცვლილებას შეეხო (მილიარდერი ჯეიმს არტურ რედკლიფი 2022 წლის აგვისტოში მცირე აქციონერი გახდა), კანტონამ თქვა:
„ის თავის სფეროში ლეგენდაა. დღეს ჩვენ ბევრს ვმუშაობთ კლუბის საძირკველზე. როდესაც სახლს აშენებ, საძირკველი მნიშვნელოვანია. თუ შენობა ირყევა, მაშინ საძირკველს უნდა გამაგრება. დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ დიდი კლუბი გახდება. ხანდახან ჩვენ პრეზიდენტების მნიშვნელობას ვაკნინებთ. ბევრს ვლაპარაკობთ ფეხბურთელებზე, დირექტორებზე, მაგრამ აბა, დააკვირდით: წავიდა რომან აბრამოვიჩი და „ჩელსი” ის გუნდი აღარ არის.
ადრე „იუნაიტედში” ერთი ოჯახივით ვიყავით. მას მერე, რაც გლეიზერები მოვიდნენ და სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა, მდგომარეობა შეიცვალა. ახლა მნიშვნელოვანია ძველებურ ატმოსფეროს დავუბრუნდეთ”.
ბოლოს კანტონამ ლამინ იამალს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, განსაკუთრებით ევრო 2024-ის შემდეგ.
„მე მომწონს, როგორ თამაშობს ესპანეთი. ჩინებულია, როდესაც იამალის მსგავსი ფეხბურთელები გყავს, რადგან მათი მოქმედებების ამოცნობა შეუძლებელია. ის საუცხოოდ ხედავს მოედანს, ძალიან ტექნიკურია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. იამალი ძალიან მიყვარს. „იუნაიტედში” კარგი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ იამალის ნაირი არავინ იყო. მე მისი ასაკის მოთამაშეებს ვურჩევდი ფეხბურთით სიამოვნება მიიღონ. იყონ ჟინიანები. ბურთი შენი მეგობარი უნდა იყოს, ხოლო იამალის დონის ფეხბურთელებისთვის ის მეტიც, ძმაა”.