Unai Simon of Spain celebrates after the UEFA EURO 2024 final match between Spain and England at Olympiastadion on July 14, 2024 in Berlin, Germany.
უნაი სიმონმა ოპერაცია გაიკეთა

„ბილბაო” სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და მას უნაი სიმონი ჰქვია. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა, ოპერაცია გაიკეთა. მას სურდა მოეშუშებინა ტრავმა, რომელიც კარგა ხანია აწუხებს. ესპანური მედია წერს, რომ სიმონი ვერ დაესწრება ცერემონიალს, რომელზეც მისთვის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი უნდა გადაეცათ. „ბილბაოს” კარის დაცვაც სხვას, თეორიულად 24 წლის იულენ აგირესაბალას მოუწევს, თუმცა ამ ჯერად აგირესაბალაც დაშავებულია, ლა ლიგის პირველ შეხვედრებში ვერ ითამაშებს და ამიტომ ბასკთა თავკაც ერნესტო ვალვერდეს გამოსავლის პოვნა მოუხდება.

სიმონი 4-5 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ორთვიანი დასვენება უწევს აგირესაბალასაც. ბასკური კლუბის განკარგულებაში რჩება ორი 20 წლის მეკარე, ოიერ გასტესი და ალექს პედია, რომელთაც ზემოხსენებულ გოლკიპერთა გამოჯანმრთელებამდე ლა ლიგის, კოპა დელ რეის, ევროპის ლიგისა და ესპანეთის სუპერთასისთვის მოუწევთ თავის გართმევა.

თუ ვალვერდეს გასტესისა და პედიას ოსტატობა არ აკმაყოფილებს, მაშინ ბილბაოელებს სატრანსფერო ბაზარზე მოუწევთ გასვლა, მაგრამ ეს ბასკთა ეროვნული ფილოსოფიიდან გამომდინარე იოლი არ იქნება. ალექს რემიროს დონის მეკარეს ისინი ვერც შესწვდებიან და თავად რემიროსაც არ მოუნდება „ბილბაოში” სიმონთან კონკურენცია. კეპა თითქოს საინტერესო ვარიანტია, მაგრამ მას „ბილბაოში” თავისუფალი აგენტის რანგში დაბრუნება არ მოუნდება, რადგან „რეალში” ანდრიი ლუნინის გადაწყვეტილებას ელოდება. თუ ლუნინი მადრიდიდან წავა, კეპასთვის იქნებ დარჩენა სჯობდეს. მათ გარდა კი არის რამდენიმე შედარებით იაფფასიანი გამოსავალი: „ოსასუნას” სათადარიგო მეკარე აიტორ ფერნანდესი, სეგუნდა დივიზიონის კლუბის „მერანდესის” კარის მცველი რაულ ფერნანდესი და 20 წლის ანდერ ასტრალაგა, რომელიც 14 წლის იყო, როდესაც ბილბაოს ლესამას აკადემიიდან „ბარსელონამ” წაიყვანა.