შაბათს დილაადრიან ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩს დაიწყებენ – სიდნეის „ფუტბოლ სთედიუმზე“, იგივე „ალიანც სთედიუმზე“, ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა შედგება. დასაწყისი – 9:45-ზე.

მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ავსტრალია ისტორიაში მესამედ დაუპირისპირდება კლასიფიკაციაში მე-12 საფეხურზე მდგომ საქართველოს. „ვოლაბებისა“ და ბორჯღალოსნების პირველი შეხვედრა 2019-ში, იაპონიის მსოფლიო თასზე შედგა და სამხრეთელებმა დასკვნით 20 წუთშიღა გაარღვიეს ჩვენი გუნდის საარაკო დაცვა. მეორე შეხვედრაც, მსოფლიო თასზე, შარშან საფრანგეთში გაიმართა და ავსტრალიელებმა იქაც იმარჯვეს – 35:15. არადა ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს და მხოლოდ საკუთარი შეცდომებისა და უიღბლობის გამო წააგეს ამხელა სხვაობით.

ასე რომ, შაბათს სიდნეიში ეს გუნდები პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა. ფავორიტი, ცხადია, ამ ჯერზეც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იქნება. ცნობისთვის, 6 და 13 ივლისს „ვოლაბები“ ორჯერ შეხვდნენ უელსის ნაკრებს და ორივეჯერ დაამარცხეს – 25:16 და 36:28. საქართველოს ნაკრებმა კი ჯერ ფიჯის უმასპინძლა და 12 :21 დამარცხდა, გასულ შაბათს კი სენდაიში იაპონიასთან ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 25:23.

ორიოდე სიტყვა ბორჯღალოსნების შემადგენლობაზეც: რიჩარდ კოკერილმა ავსტრალიასთან თამაში დებიუტანტების გარეშე გადაწყვიტა, თუმცა მარქაფაში ლუკა პეტრიაშვილი და ლუკა გოგინავა არიან, რომელთაც დებიუტი შესაბამისად ფიჯისთან და იაპონიასთან ჰქონდათ. მიმდინარე საზაფხულო ტესტებზე პირველად ითამაშებს „ნევერის“ მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი. ესაა და ეს. თუმცა, მთლად უიმედოდ არც ჩვენ უნდა ვიყოთ – რიჩარდ კოკერილის ხელში ჩვენი ნაკრები აშკარად პროგრესირებს და ამ შემადგენლობას არც ავსტრალიელების რიდი უნდა ჰქონდეს წესითა და რიგით…

ერთიც – სანდრო თოდუა ბორჯღალიან კვართს 115-ედ მოირგებს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მეკო კვირიკაშვილს გაუტოლდება. წინ მხოლოდ დავით კაჭარავა რჩება 122 სანაკრებო კეპით. ამასთან, თოდუას 2019-ის მსოფლიო თასზე ავსტრალიელთათვის ულამაზესი ლელო აქვს გატანილი…..

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიასთან მატჩში:

  1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 5 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 14, 20), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 5, 5), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 18, 5), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 9, 10), 6. ბექა გორგაძე (კაპიტანი, პო, 47, 60), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 41, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 34, 25), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი, 14, 15), 10. ლუკა მატკავა (მონპელიე, 21, 136), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 59, 40), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 38, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 42, 185), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 31, 63).

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 1, 0), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 1, 0), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 9, 0), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 21, 0), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 14, 10), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 37, 30), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი,86, 78), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351).