პარასკევს, 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის „ეთლონ სთედიუმზე“ 14:30-ზე საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს დაიწყებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის U20 იქნება, რომელსაც ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინიშზე 28:17 მოუგო.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ალბათ თავ-ბედს იწყევლის – ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს ორჯერ გადაეყარა და ორივეჯერ წააგო – შარშან ჯგუფში 17:30 და როგორც უკვე ითქვა, ათიოდე დღის წინ 17:28. არადა იტალია ტიერ 1-ის წარმომადგენელია, საქართველო – ტიერ 2-ის, თუმცა 20-წლამდელ ქართველებს იტალიელებთან მაინც დადებითი ისტორიული ბალანსი აქვთ 3 მოგება 2 მარცხის წილ.

პარასკევის დაპირისპირებას დიდი პრაქტიკული დატვირთვა არც აქვს – რა დდიდი განსხვავებაა მე-9 და მე-10 ადგილებს შორის?! თუმცა, ორივე მხარისთვის მომავალი შეხვედრა სოლიდურ მენტალურ მნიშვნელობას ატარებს – იტალიელებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ტიერ 1-ში დაუმსახურებლად არ არიან, ხოლო ქართველებს პირიქით, უკვე რახანია იმის მტკიცება უწევთ, რომ ელიტის გუნდების ყველა დონეზე ძლევას შეეჩვივნენ, იქნება ეს ეროვნული, 20-წლამდელთა, 18-წლამდელთა ნაკრებები თუ „შავი ლომი“…

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან მატჩში:

  1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი), 8. ნიკა ლომიძე (კაპიტანი, ბაიონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 10. გელა ხელაძე (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ნარბონი), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).