Nico Williams of Spain has a chance to score against Goalkeeper Giorgi Mamardashvili of Georgia during the UEFA EURO 2024 round of 16 match between...მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილის ღირსებები კარგად დაინახა, როდესაც საქმე ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრების შედგენაზე მიდგა, უეფამ ქართველი მეკარე დაივიწყა. შავიზღვისპირა ქვეყნის ფლეი-ოფში გასვლის არქიტექტორმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე უამრავი, ყველანაირი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ის ეგრეთწოდებული „შეჯიბრების თერთმეტეულის” მიღმა დატოვეს. უეფას ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა 1-4-3-3 პრინციპით შედგენილი გუნდის კარში „მილანის” ფრანგი გოლკიპერი მაიკ მენიო ჩააყენა.

ხოსე გაია დაშავდა, ჩენკ ოზქაჩარი თურქეთის ნაკრების საბოლოო სიაში აღარ შეიყვანეს, რომან ერემჩუკი კი 26 ივნისის შემდეგ შეჯიბრებას გამოეთიშა და „ვალენსიას” ევროზე მამარდაშვილიღა დარჩა. ერთი კაცი ბევრი არ არის… მაგრამ კარგი იყო. მისი ფასი იზრდება. მას შეუძლია „შავ-თეთრი” პავილიონი რაც შეიძლება ძვირად დატოვოს. მან საქართველო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში აქცია ოცდამეცხრე გუნდად, რომელმაც ფლეი-ოფში გასვლა შეძლო.

გიორგიმ, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრაში (როდესაც გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა) ეროვნული გმირი გახდა, ევროპის რუკა მასშტაბურად დაიპყრო. 1980 წლის შემდეგ მხოლოდ რუსმა იგორ აკნიფეევმა (5 მატჩში 32 მოგერიება) და იტალიელმა ფრანჩესკო ტოლდომ (6 მატჩში 30 მოგერიება) შეძლეს მეტი, ვიდრე ვალენსიელმა — 4 მატჩში 29 მოგერიება იმ შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე, სადაც „ბებერი კონტინენტის” უძლიერესი გუნდები იკრიბებიან. მისი შედეგი აღემატება ლეგენდების პიტერ შმაიხელისა და ლუის არკონადას (27 და 24) შედეგებს.

ჩეხეთთან მეორე ტურის შეხვედრაში „მამარდაშმა” 11 დარტყმა მოიგერია და ლატვიელი ალექსანდრს კოლინკოს (2004 წელი) შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. „მამარდაში” ისტორიაში შევიდა. დღეს გამორჩეული გოლკიპერია და ევროპის ჩემპიონატი ამის აშკარა დასტური გახლავთ. იმ მეკარეებთან შედარებით, რომლებიც სტატისტიკის დავთრებში მის ახლომახლოს ტრიალებენ ქართველმა ყველაზე ნაკლები შეხვედრა ჩაატარა და ერთ მატჩში 7.5 ჩარევით აღემატება კოლეგებს.

მერვედფინალში, ესპანეთთან მამარდაშვილმა ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ ამ დღეს ის საქართველოს ნაკრების დაცვამ „გაწირა”. თუმცა მან მაინც გაუწია წინააღმდეგობა „ლა როხას”, რომელიც ჩემპიონი გახდა და ევროების ისტორიაში უნიკალური შედეგი აჩვენა — შვიდიან შვიდი თამაში მოიგო.

ესპანეთთან მამარდაშვილმა 9 დარტყმა მოიგერია. ჩემპიონატში ქართველი გაუმკლავდა 11 დარტყმით მეტს, ვიდრე ჰოლანდიელი ბარტ ვერბრუგენი, რომელიც სტატისტიკის თანახმად მის მერე მეორე ადგილზე მოდის და რომელიც ნახევარფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას. გიორგიმ მოიგერია 13 დარტყმით მეტი ვიდრე უეფას რჩეულმა მენიომ. ფაქტობრივად „მამარდაშს” აქვს ზუსტად ის მიღწევა, რომელსაც უეფა და მისი ტექნიკური ჯგუფი თავად ასახელებენ კრიტერიუმად — რაოდენობა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს MVP-დ ირჩევენ. ის რაც გააკეთა ქართველმა ჩეხეთთან მენიოს მიახლოებითაც არ გაუკეთებია, თუმცა ფრანგმა ოთხ შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გაუშვა და ევრო 2024 მისთვისაც დასამახსოვრებელი იყო. ის დაეხმარა საფრანგეთს ნახევარფინალში გასვლაში.

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავმა თამაშმა მისი ფასი მაქსიმალურად გაზარდა და CIES-ს თანახმად მისი ზედა ზღვარი 39 მილიონ ევრომდე აწია. „საფებურთო ობსერვატორიის” ვერსიით „ვალენსიას” მეკარის სამართლიანი ფასი 31 მილიონიდან 39 მილიონამდეა.

ეასტერ კალაბუჯი, superdeporte