საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს!

იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“ რანგით დააწინაურებდნენ და ტიერ 1-ის წევრად აქცევდნენ. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით ფიჯი და იაპონია ევროპულ 6 ერსა და სამხრეთ ნახევარსფეროს სუპერ რაგბის ოთხეულს გაუთანაბრეს.

ამდენად, მიმდინარე ზაფხულის ტესტებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ისტორიული მისია ჰქონდა – ფიჯის, იაპონიისა და ავსტრალიის ბობოლათა სამეულიდან თუნდაც ერთი უნდა დაემარცხებინა. ამის ყველაზე დიდი ალბათობა ერთი კვირის წინ ბათუმში იყო – შინ ფიჯი უნდა დაგვემარცხებინა. ეს იქნებოდა იტალიისა და უელსის შემდეგ მესამე ელიტური, რომელსაც საქართველო მოუგებდა

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ბორჯღალოსნები ბათუმში დამარცხდნენ. ამის ფონზე, იაპონიის ნაკრების იაპონიაშივე დამარცხება არქირთულ ამოცანად მოჩანდა. მაგრამ უკვე ჩამოყალიბდა უცნაური ტრადიცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ყველა ტურნირს თუ სერიას მძიმედ იწყებს და თანდათან უმატებს ხოლმე.

ამ ზაფხულსაც ამ კანონზომიერების მოწმენი გავხდით. იაპონური რაგბი, სპორტის სხვა სახეობების დარად, ტრადიციულად სისწრაფესა და სისხარტეზეა დაფუძნებული. როგორც მსოფლიო რაგბის თითქმის ყველა წამყვან ძალაშია, იაპონელებსაც უამრავი ნატურალიზებული მორაგბე ჰყავთ – ყველანაირი კუნძულელი და სამხრეთაფრიკელი.

თვით ლეგენდარული კაპიტანი მაიკლ ლიჩიც კი ფიჯელია წარმომავლობით, თუმცა 100%-ით ქართველებით დაკომპლექტებულმა ბორჯღალოსნებმა ამ მონსტრების კორპორაციას არც სისწრფეში დაუთმეს რამე, არც ცივსისხლიანობაში, არც ტაქტიკურ გაწაფულობაში და რაღა თქმა უნდა, არც ჯანში. ქართველთათვის არცთუ სასიამოვნოდ ნაცნობი იტალიელი რეფერი ანდრეა პიარდის მიერ ბევრი შერკინების მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზით წართმევაც რომ არა, რიჩარდ კოკერილის გუნდი ედი ჯონსისას უფრო დიდი უპირატესობითაც აჯობებდა.

ამ კაცმა იმდენჯერ გამოიგონა ქართველების მხრიდან შერკინებაში წესების დარღვევა, რამდენიმე მატჩს რომ ეყოფოდა. თუმცა, საბოლოოდ ქართველებმა ამ კომპონენტშიც აღადგინეს სტატუს-კვო და პიარდის ეს ბერკეტიც ამოაცალეს ხელიდან.

არადა იაპონელებმა პირველივე შეტევაში დაგვალელოვეს. თუმცა, სულ მალე ლუკა მატკავამ ჯერ ერთი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ – მეორე, რასაც მასპინძელთაგან ერთი საპასუხო მე-17 წუთზე მოჰყვა. აი, 2 წუთის შემდეგ კი იაპონელმა მესამეხაზელმა კანჯი შიმოკავამ რაქის გაწმენდისას ჩვენი კვაჭი ვანო კარკაძე კისერში ბოჭვით გადაყარა. 115-კილოიან პირველხაზელს ამით არაფერი დაკლებია, მით უფრო რომ მას კისერი ფაქტობრივად არც აქვს, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და, ვიდეორეფერიმ იტალიელ მსაჯს უკარნახა, ეპიზოდი გადაამოწმეო. პიარდიმ იაპონელი ყვითლით გააძევა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ყვითელი წითელ ბარათად დამატებით განხილვაზე გადაუკეთა და ამ მომენტმა თამაშში გარდატეხა შეიტანა.

სიტუაციას ქართველები დაეპატრონნენ და პირველივე შეტევაში ვანო კარკაძემ მოლიდან მოწყვეტით ბურთი ლელოში დადო. მატკავამ ააცილა და მხოლოდ ქულით დავწინაურდით – 11:10.

იაპონელებმა მალევე ჯარიმით დაიბრუნეს ლიდერობა, მაგრამ ტაიმის ბოლო შეტევაში მიშიკო ალანიამ ბექა გორგაძის უმაგრესი ცრუმოძრაობისა და არანაკლებ მაგარი პასის შემდეგ ლელოში მეორედ შეირბინა და მატკავას გარდასახვამ ბორჯღალოსნები 5 ქულით დააწინაურა – 18:13.

მეორე ტაიმის შუისკენ იაპონელებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო გიორგი კვესელაძის გასინბინების შემდეგ ლელო-გარდასახვა გაგვიტანეს და 23:18 გაიჭრნენ წინ.

როცა კვესო გამოვიდა, იაპონიამ კუნძულელი მეორეხაზელი სანაილა ვანგაც დაკარგა და 13 კაცით მამაცად კი იბრძოლა, მაგრამ სულ მალე გიორგი ჯავახიას ტიტანურ მიძალებას ვეღარ გაუძლო, მატკავამ კი ათიოდე მეტრიდან გამარჯვების გარდასახვა იოლად გაიტანა. ორკაცნაკლულ მეტოქესთან უპირატესობის შენარჩუნება უკვე იოლი იყო და საბოლოოდ იაპონიას კაპიტულაციის გამოცხადება საქართველოსთანაც მოუწია – 23:25!

ასე რომ, 20 ივლისს სიდნეიში ბორჯღალოსნები ავსტრალიას ამაღლებული განწყობით შეერკინებიან. ცნობისთვის, ავსტრალიამ პარალელურად უელსთან ითამაშა და 36:28 გაიმარჯვა.