შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა.

უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24 მოიგეს, ყველა დანარჩენი დაპირისპირება კი ამომავალი მზის ქვეყნის შვილების გამარჯვებით სრულდებოდა. ზოგჯერ – ერთი საჯარიმოს უპირატესობით, ზოგჯერ – 30 და მეტი ქულის სხვაობით.

ფაქტია, რომ იაპონიის ნაკრებს საქართველოსთან დიდი ისტორიული უპირატესობა აქვს, თუმცა, ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებიდან მთელი 6 წელი გასულა და ორივე ნაკრებში იმ შემადგენლობებიდან სულ რამდენიმე კაცია დარჩენილი, მწვრთნელებიც შეიცვალა, რამდენადმე – თამაშის სტილიც. მოკლედ, ფავორიტი ამ ჯერზეც იაპონელები იქნებიან, მაგრამ თუ რიჩარდ კოკერილის ბიჭებმა რეაქტიული და მოუხელთებელი იაპონელებისთვის სივრცეები შეზღუდეს და ფიზიკურ წნეხში მოაქციეს, აქ უკვე ქართული რაგბის ჯერი დადგება. იმედია, ასეც მოხდება.

რაც შეეხება შემადგენლობას, კოკერილმა იაპონიასთან ორი ახალბედა მარქაფაში ჩასვა. თუკი 22 წლის გიორგი ძმანაშვილი თითქმის გამოუცდელია და მას ზურგს ტოპ 14-სა და ჩელენჯ თასზე „კლერმონის“ შემადგენლობაში 15-ოდე მატჩი უმაგრებს, ლუკა გოგინავა 27 წლისაა და გარდა იმისა, რომ ოსტატად „რასინგ-92“-ში ჩამოყალიბდა, იმ შესანიშნავი თაობის წარმომადგენელიცაა, რომელმაც ისტორიაში პირველად, 2016 წელს საქართველოს ღირსება მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დაიცვა.

ფიჯისთან მატჩისგან განსხვავებით, იაპონიაში ექსპერიმენტები არ იქნება – მატკავა მგეზავად, ნნინიაშვილი ფულბექად, ხოლო თოდუა სასტარტო გარემარბად ითამაშებენ. ოღონდაც, მარქაფაში კვლავაც 6 ფორვარდი + ლობჟანიძისა და აბჟანდაძის შეთამაშებული ღერძი. ანუ იაპონიას ძალისმიერ რაგბს დავუპირისპირებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იაპონიასთან მატჩში:

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 6 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 13, 15), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 8, 0), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 17, 5), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 13, 5), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 36, 35), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 40, 15), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპიტანი, 46, 65), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი, 13, 10), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 20, 126), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 113, 95), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 58, 40), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 37, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 41, 185), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 30, 63).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 7, 0), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 0, 0), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე, 0, 0), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 8, 10), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 13, 10), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 33, 35), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 85, 78), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 53, 351).