საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონი არ შეცვლილა – მარსელის „ველოდრომზე“ გამართულ ფინალში უბრწყინვალესი ანტუან დიუპონის „ტულუზმა“ „ბორდო“ უბრალოდ გააცამტვერა – 59:3. ტულუზური გრანდი მართლაც რომ უძლეველია – საფრანგეთის ჩემპიონობაც შეინარჩუნა და ევროპის ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა!
სამწუხაროდ, „ბორდოს“ ერთადერთმა ქართველმა ლექსო ყაულაშვილმა ნახევარფინალის ბოლო წამებზე ტრავმა მიიღო და ფინალს გამოაკლდა, თუმცა, ძალთა შეფარდებას მისი თამაშიც ვერანაირად შეცვლიდა, იმდენად დიდი იყო „ტულუზის“ უპირატესობა.
ტულუზელებმა ტოპ 14-ის ჩემპიონობა ისტორიაში 23-ედ მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით მდევრებს უფრო მეტად დაშორდნენ, ქართველთაგან კი, ყველაზე შორს ხსენებული ყაულაშვილი წავიდა.
მთლიანობაში გასულ ჩემპიონატში 25-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 3-3-მა – „ტულონისა“ და „მონპელიეს“ შემადგენლობაში და ჩემპიონი „ტულუზი“ კვლავაც ერთადერთ კლუბად რჩება, რომელიც წარმატებებს ქართველების დახმარების გარეშე აღწევს.
ჩვენებურთაგან ყველაზე მეტი მატჩი ბექა გიგაშვილმა ჩაატარა – 21; ყველაზე მეტი ლელო (8) და შესაბამისად ყველაზე მეტი ქულა (+1 ჯარიმა=43) დავით ნინიაშვილმა მიითვალა; გელა აფრასიძემ 2 ზუსტი შორეული საჯარიმო დარტყმა გაიტანა; ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მონაწილე სამხრეთ აფრიკაში U20-თან ერთად მყოფი ტულონელი დავით მჭედლიძე აღმოჩნდა, ვინც ჯერაც 19 წლისაა; ყველაზე ხანდაზმული ქართველი ლეგიონერის სტატუსი კი „ოიონაქსის“ ვეტერანმა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ მიიღო, ვისაც 22 დეკემბერს 36 წელი შეუსრულდება.
ეს იყო და ეს, იმედია, მომავალ სეზონში რომელიმე „ქართული“ კლუბი ჩემპიონობისთვის უფრო სერიოზულად იბრძოლებს.
ტოპ 14-ის 2023/2024 წლების სეზონში მონაწილე ქართველთა სრული სია:
ბორდო (1): ლექსო ყაულაშვილი (12 მატჩი, 1 ლელო).
სტად ფრანსე (3): სერგო აბრამიშვილი (17 მატჩი, 2 ლელო), გიორგი მელიქიძე (12 მატჩი, 1 ლელო), ვასილ კაკოვინი (5 მატჩი).
ლა როშელი (1): ალექსანდრე ქუნთელია (14 მატჩი).
რასინგ 92 (2): გურამ გოგიჩაშვილი (14 მატჩი), გია ხარაიშვილი (7 მატჩი).
ტულონი (3): ბექა გიგაშვილი (21 მატჩი, 1 ლელო ), ვასილ ლობჟანიძე (6 მატჩი), დავით მჭედლიძე (1 მატჩი).
კასტრი (1): ლევან ჩილაჩავა (20 მატჩი, 3 ლელო).
პო (2): გურამ პაპიძე (16 მატჩი), ბექა გორგაძე (14 მატჩი, 3 ლელო).
პერპინიანი (2): გიორგი თეთრაშვილი (12 მატჩი), ვახტანგ ჯინჭარაძე (1 მატჩი).
კლერმონი (1): გიორგი ძმანაშვილი (7 მატჩი).
ბაიონი (2): გელა აფრასიძე (12 მატჩი, 2 ჯარიმა), კონსტანტინე მიქაუტაძე (7 მატჩი).
ლიონი (2): დავით ნინიაშვილი (18 მატჩი, 8 ლელო, 1 ჯარიმა), ბექა საღინაძე (8 მატჩი).
მონპელიე (3): ვანო კარკაძე (19 მატჩი, 3 ლელო), ლუკა ჯაფარიძე (11 მატჩი, 1 ლელო), ლაშა მჭედლიშვილი (8 მატჩი).
ოიონაქსი (2): ირაკლი მირცხულავა (7 მატჩი), ვასილ ლობჟანიძე (6 მატჩი).