ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ ქართველებს დასაკარგი არაფერი აქვთო, წერს ინგლისური „სანი” და დასძენს: „მათ თავიანთი წილი სანერვიულო ფლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან წინააღმდეგ უკვე ინერვიულეს”.
ტაბლოიდი ამბობს, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი განაპირა მცველი ვილი სანიოლი თავის ახალ სამშობლოში გმირი გახდა. მან გუნდი ევროზე გაიყვანა, მაგრამ ახლა დიდი გამოცდის წინაშე დგას და სამი შეხვედრიდან ერთი ქულის მოპოვებაც კი ტრიუმფად ჩაეთვლება. სანიოლის ფეხბურთელები მთელს ევროპაში თამაშობენ. ზოგიერთები აზიის გუნდებშიც კი არიან. მათ მაღალ დონეზე ასპარეზობის გარკვეული გამოცდილებაც აქვთ.
შემდეგ, მოდის მწვრთნელის დახასიათება. „სანი” ამბობს, რომ ფრანგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და „ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგის ხუთგზის ჩემპიონია. ის 47 წლისაა. იყო „ბორდოს” მწვრთნელი და 2017 წელს კარლო ანჩელოტის ასისტენტი ბავარიაში. 2021 წლიდან სანიოლი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს.
საქართველოს ნაკრების მთავარ ვარსკვლავად „სანი” როგორც მოსალოდნელი იყო ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს. გაზეთი წერს, რომ ის გარემარბია, რომელმაც თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა და 2023 წელს „ნაპოლის” სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. ნაკრებში კვარაცხელიას 29 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.
როგორ უტევს საქართველოს ნაკრები? ამ ქვესათაურის ქვეშ „სანი” წერს, რომ ქართველებს ჰყავთ უკიდურესად ტექნიკური ფეხბურთელები, რომელთა შორის გამოირჩევა კვარაცხელია. ინგლისური გამოცემა ვარაუდობს, რომ ის შეიძლება ევრო 2024-ის ერთ-ერთი ვარსკვლავიც კი გახდეს.
„ჩვენ ველით, რომ საქართველოს ნაკრები 3-4-1-2 სქემით ითამაშებს. წინ ორი მოძრავი და დინამიკური თავდამსხმელი ეყოლება, რომელთაც უკანა სამეული პასებით მოამარაგებს. ევროდებიუტანტებს ხანდახან შეუძლიათ ბურთი გააკონტროლონ, ცოტა ხანგრძლივად გაათამაშონ ის, მაგრამ მეტწილად მაინც უკნიდან თამაში ახასიათებთ, როდესაც ბურთი დაცვიდან მოედნის შუა მესამედში გამოაქვთ. საქართველოს ნაკრები შეტევებს სიღრმიდან წამოიწყებს. მისი ვარსკვლავები თავს უფრო კომფორტულად მაშინ გრძნობენ, როდესაც სახით თავიანთი კარისკენ დგანან და ბურთს ისე იღებენ.
ლაპარაკი არ უნდა, რომ მთავარ ხიფათს კვარაცხელია წარმოადგენს. ის კლუბში მარცხნიდან თამაშობს, მაგრამ ნაკრებში თავისუფლად გადაადგილდება და ნებისმიერ ადგილას შეიძლება ვიხილოთ. მისთვის სივრცის დატოვება სახიფათოა, რადგან ნებისმერ მომენტში შეიძლება ბურთი მიიღოს”, — წერს „სანი”.
შემდეგ კი გაზეთი საქართველოს ნაკრების დაცვით თამაშს განიხილავს და წერს, რომ გუნდისგან „მაღალ პრესინგს” არ უნდა ველოდოთ. ის შუაში დააყენებს ბლოკს და მეტოქის შეტევას დაელოდება. ქართველები შუაში მყარად დგანან, მაგრამ ფლანგებზე სივრცეები რჩებათო, ამბობს ტაბლოიდი და ჩვენთვის დიდად სახარბიელო სურათს არ ხატავს: „ევროპაში მოწინავე გუნდები ასეთი სივრცეებით იოლად ისარგებლებენ”.
„ასეთი ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ნაკრები მეტოქეებს ფლანგებიდან შეტევის საშუალებას მისცემს, მოიპატიჟებს. ასეთ დროს კი მოწონააღმდეგეს შეუძლია მისი დაცვის ხაზის ზურგსუკან ჩააწოდოს გრძელი პასები და იქ მოიპოვოს უპირატესობა”, — ამბობს „სანი” და ასკვნის, რომ ქართველებთან დამარცხება ნებისმიერი მეტოქისთვის დიდი ჩავარდნა იქნება.