მეკარეების, კერძოდ კი ქართველი გიორგი მამარდაშვილის თემა ბოლო დღეების ვალენსიურ პრესაში გააქტიურებულია. superdeporte წერს, რომ ესპანეთი ყოველთვის ძლიერი მეკარეების ქვეყანა იყო. ამ მხრივ ის იტალიისა და გერმანიის სიმაღლეზე იდგა. სანტიაგო კანისარესი, ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილიასი წლობით შედიოდნენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში. ესპანეთში ძალიან კარგი მეკარეები არიან ახლაც, რასაც სტატისტიკა ადასტურებს. ასე მაგალითად, ბილბაოელ უნაი სიმონს ლა ლიგაში გასულ სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული და ნაკრების კარის მთავარი მცველია; „რეალ სოსიედადის” ალექს რემირო მესამეა, ხოლო „ვალენსიაში” დაღვინებული „ალავესის” მეკარე ანტონიო სივერა — მეოთხე. ამას თავი რომ დავანებოთ, „არსენალში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის გამო დავიდ რაია პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

და მაინც, ესპანელ გულშემატკივართა შორის პოლემიკა ატყდა, რომელიც რემიროს გულწრფელმა ინტერვიუმ გამოიწვია. მან თქვა, რომ ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებად ანდრიი ლუნინი, მამარდაშვილი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიაჩნია. ისინი ჩემს აღფრთოვანებას იწვევენო, განაცხადა წარმოშობით ნავარელმა გოლკიპერმა. ბევრმა ეს სიტყვები რემიროს თანამემამულეების კრიტიკად ჩამოართვა, მაგრამ მას არც საკუთარი თავი დაუსახელებია.

ცეცხლს ნავთი სიმონმა დაასხა, როდესაც თქვა: „ყველას თავისი აზრი აქვს. მე მაგალითად ჩემს თავს სამეულშიც არ შევიყვანდი. მამარდაშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. იან ობლაკი და ტერ შტეგენი მსოფლიოში საუკეთესოები მგონია, ხოლო სეზონის საუკეთესო მეკარედ ლუნინს დავასახელებდი”.

plazadeportiva კი წერს, რომ მამარდაშვილის „ნიუკასლში” გადასვლის საქმე ჩაიშალა. მიზეზი: „ვალენსიას” მეპატრონე, სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი გიორგის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს, მაშინ როდესაც „კაჭკაჭები” 25 მილიონს პლუს შედეგების მიხედით დასამატებელ თანხას იძლეოდნენ. ამდენსვე სთხოვდა ლიმი შარშან ზაფხულში „ბაიერნს”, რომლისთვისაც მამარდაშვილი ლეგენდარული მანუელ ნოიერის კონკურენტი ან სათადარიგო უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედს” ამ სეზონში ოთხი 30 წელს გადაცილებული მეკარე ჰყავდა: ნიკ პოუპი, მარტინ დუბრავკა, ლორის კარიუსი და მარკ გილესპი. მთავარი პოუპი გახლდათ, მაგრამ დეკემბერში დაშავდა და ხუთი თვე მკურნალობას მოუნდა. არადა ის მწვრთნელის ედი ჰაუს ფავორიტია. როგორც plazadeportiva წერს, ჰაუმ მამარდაშვილის ტრანსფერი კლუბს ალბათ სწორედ ფავორიტიზმის გამო გააჩერებინა. თუმცა ვინ იცის ეს გადაწყვეტილება გიორგისთვისაც კარგი გამოდგეს, რადგან მას სჭირდება კლუბი, სადაც გამოცდებს ხელახლა არ მოუწყობენ და კარს ანდობენ.

„ვალენსიაში” კი ამასობაში ჩრდილო მაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი გადავიდა, რომელიც ცხადია მთავარ მეკარეობას აპირებს და ელოდება, თუ რა გაირკვევა ქართველთან დაკავშირებით. ამასვე ელიდება „ვალენსიას” მესამე მეკარე კრისტიან რომეროც, რომელიც თუ დაინახავს, რომ მამარდაშვილიც გუნდში რჩება და ახლა მეოთხე გახდება, თავს უშველის.