„ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი სადაცაა იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. ამის მიუხედავად Sky Sport 24-თან ინტერვიუში მან გამოძებნა დრო და „პარტენოპეიზეც” ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან:
— „ნაპოლის” სეზონმა ალბათ გაგაკვირვათ. როგორ ფიქრობთ, ასეთი ცუდი ჩემპიონატის შემდეგ ახალი გუნდის ასაშენებლად ანტონიო კონტე სწორად შერჩეული კანდიდატურაა?
— ეს მე არ ვიცი. რასაკვირველია კონტე იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. რაც შეეხება გაკვირვებას, დიახ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ნაპოლის” დიდებული შემადგენლობა ჰყავდა. მის განკარგულებაში იყვნენ ვარსკვლავები, დიდებული მოთამაშეები. არ ვიცი რა მოხდა. თქვენ ამ კლუბის ცხოვრებას უფრო აკვირდებოდით და ჩემზე მეტი გეცოდინებათ. ერთი ფაქტია, რომ სეზონში სამი მწვრთნელის გამოცვლა ფეხბურთელებს პრობლემებს შეუქმნიდა. მათ სხვადასხვა მიდგომისთვის, გუნდის შექმნის განსხვავებული პრინციპებისთვის უწევდათ ალღოს აღება, მაგრამ ყველა ვარიანტში „ნაპოლის” უმაღლესი დონის გუნდი ჰყავდა და სამწუხაროა, რომ ევროთასზე მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.
— კონტეს აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობაში რას ურჩევდით?
— კარგი, რა. მე რა ვიცი… მე მაგალითად რაღაც მომენტში დე ლაურენტისისთვის ყურის დაგდებას თავი დავანებე, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცის. ის ყოველთვის მეტს და მეტს ითხოვს. დე ლაურენტისი ის კაცია, რომელმაც ნეაპოლში დიდი ფეხბურთი დააბრუნა. მანამდე „ნაპოლი” კრიზისში იყო. დე ლაურენტისის ხელში კი კლუბს რამდენიმე დიდებული შემადგენლობა ჰყავდა. დე ლაურენტისმა ერთპიროვნული მართვის მეთოდით დიდ შედეგებს მიაღწია, ამიტომ მე მას ამორჩევით ვუგდებდი ყურს. მან უამრავი რამ იცის და ყველაფრის მოსმენა შეუძლებელია.