Victor Osimhen and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli disappointed during the Serie A TIM match between SSC Napoli and US Lecce at Stadio Diego...„ნაპოლიმ” ვერც ბოლო შეხვედრაში ივარგა, შინ „ლეჩესთან” 0:0 ითამაშა. არადა რომ მოეგო, ახლა კონფერენციის ლიგის ფინალის მოლოდინში იქნებოდა: თუკი „ფიორენტინა” „ოლიმპიაკოსს” დაამარცხებს, ევროთასებზე იტალიის მეცხრე გუნდიც გავა. ვაგლახ, ეს „ნაპოლი” კი არა, „ტორინოა”.

ბოლოს იტალიის ჩემპიონი ტრიუმფის მომდევნო სეზონში ევროთასებზე 27 წლის წინ ვერ გავიდა. ეს გუნდი გახლდათ „მილანი”, მაგრამ მილანელთა ვერგასვლა „ნაპოლის” ვერგასვლისგან განსხვავდება: ვერგასვლა მაშინ, როდესაც ევრპული შეჯიბრების საგზურს ლიგიდან რვა ან ცხრა (კონფერენციის ლიგის ფინალში გამოჩნდება) გუნდი იღებს, მეტისმეტია.

ქვემოთ გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებებს „ლეჩესთან” შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ ბევრმა საიტმა ბოლო შეხვედრაში ტრადიციული შეფასებები არც ჩამოწერა.

iamnaples — 5.5 კვარაცხელიამ ბოლომდე მოინდომა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგავდა ბრწყინვალებას. ბოლოს ის ოსიმენს შეუწყვილეს, მაგრამ ის ნიგერიელ ცენტრფორვარდთან ერთადაც კი ვერაფერს გახდა, ერთხელაც ვერ უჩხვლიტა მეტოქეს.

tuttomercatoweb — 6 ქართველმა ბევრი მოქმედება წამოიწყო და მათ დაგვირგვინებასაც ცდილობდა, მაგრამ წარუმეტებლად. ასეა თუ ისე, ის საუკეთესო იყო იმ სამ თავდამსხმელს შორის (კვარაცხელია, სიმეონე, პოლიტანო), რომლებიც კალცონამ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

tuttomercatoweb-ის მეორე მიმომხილველი — 5 ბევრი იმოძრავა და კარშიც ჩვეულებრივად ურტყა. რამდენიმე დრიბლინგი მოახერხა, მაგრამ მარცხენა ფეხით წარმოუდგენლად ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა.

ilnapolista — 6.5 კვარაცხელია, ლობოტკა და ოსიმენი სკუდეტოს ის სამი მფლობელია, რომლებიც სეზონის სიურეალისტურ ზომბიფიკაციას გადაურჩნენ. გაუმარჯოს ჩე კვარას, რომელიც მოედანზე დღესაც მარტო ჩანდა.

ilnapolista-ს მეორე მიმომხილველი — შეფასების გარეშე მის ადგილზე აქედან გავიქცეოდი, უფრო სწორედ უკვე კარგა ხნის გაქცეული ვიქნებოდი.

calcionapoli1926 — 6 ის მეორე ტაიმში გამოცოცხლდა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. კვარაცხელია იმ უმცირესობის წევრია, რომელმაც სეზონში გული და სული ჩადო.

napolimagazine — 6 ის მობილიზებული იყო და კარში არტყამდა, მაგრამ მეტოქეებმა დაიჭირეს.

რაც შეეხება იმ საიტების შეფასებებს, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან: flashscore-მა ხვიჩას 7.3 ქულა დაუწერა, ხოლო და whoscored-მა 7.0.