Giorgi Mamardashvili of Valencia CF talks to Assistant goalkeeper coach Jose Manuel Ochotorena of Valencia prior to the friendly match between...
მამარდაშვილი და მისი მასწავლებელი ოჩოტორენა

გიორგი მამარდაშვილის დიდებული თამაში „ვალენსიას” საქმეს გაუჩენს — კლუბში მრავალი შემოთავაზების განხილვა მოუწევთო, წერს AS. ქართველ მეკარეს „ღამურებთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უწერია.

ვალენსიაში დიდი ყურადღება მიაქციეს „რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრის შემდეგ გიორგის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ დარჩენა მასზე არ არის დამოკიდებული. ეს გაიგეს როგორც მინიშნება, რომ კლუბის სინგაპურელი მეპატრონეები ქართველს ფულის შოვნის მიზნით გაყიდვას უპირებენ.

როგორ შეაფასებთ მამარდაშვილის პროგრესს ბოლო სამ წელიწადში?

რა ფასი შეიძლება დაედოს მას სატრანსფერო ბაზარზე?

ეს ორი კითხვა AS-მა ვალენსიელთა ყოფილ სპორტულ დირექტორებს ფერნანდო გომესს, ხავიერ სუბირატსს, ფრანსისკო პერეს რუფეტესა და ხუან სანჩესს დაუსვეს. ქვემოთ გთავაზობთ მათ პასუხებს:

ფერნანდო გომესი:

  1. ჩვენ უდიდესი პროგრესის მოწმენი ვართ. როდესაც მამარდაშვილი „მესტალიაზე” ჩამოვიდა და კონტრაქტი გააფორმა უკვე კარგი მეკარე იყო. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ მისი ადგილი პირველ გუნდშია, რასაც სხვათა ტრავმებმაც შეუწყო ხელი. თანდათანობით მისი ყოველი მოგერიება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს სეზონი ხომ საერთოდ აფეთქებისა გამოდგა. მან მეტად ფასეული დარტყმები მოიგერია. მისი ცივსისხლიანობა და სიფხიზლე ყველა შეხვედრაში ჩანს. გიორგი ფაქტობრივად არ უშვებს შეცდომებს. ის დაიხვეწა პირისპირ თამაშში, პენალტებში, მაღალ ბურთზე გამოსვლაში. ის არის მეკარე რომელსაც ქულები მოაქვს.
  2. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ რომელ კლუბებს სურთ მისი შეძენა. ჩვენთვის ცნობილია „ლივერპულისა” და „სიტის” შემთხვევები, რომელთაც მეკარეებში დიდძალი ფული გადაიხადეს, მაგრამ ამ კლუბებს გოლკიპერები უკვე ჰყავთ. ასევე ჰყავთ მეკარეები „რეალსა” და „ბარსელონას”. სწორედ ამიტომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, ვის მოუნდება მამარდაშვილის შეძენა, თუმცა გავბედავ და ვიტყვი, რომ მისი ფასი 35 მილიონზე ნაკლები არ იქნება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვალენსია” არის კლუბი, რომელსაც უჭირს და ფეხბურთელებს ჰყიდის, ხოლო მამარდაშვილის შესაძენად შეძლებული კლუბები მოვლენ. 35-40 მილიონის გადამხდელები „ნიუკასლისა” და „ტოტენტჰემის” რანგის კლუბები არიან. პირადად მე ვისურვებდი ის „ვალენსიაში” რომ დარჩენილიყო, გაყიდვით კი რომელიმე წინ მოთამაშე ფეხბურთელი გაეყიდათ. მითუმეტეს, რომ ლაპარაკია მამარდაშვილზე, მეკარეზე რომელსაც ქულები მოაქვს”.

ხავიერ სუბირატსი

  1. ის „მესტალიაზე” ფაქტობრივად ფეხსაცმლის მაშველით ჩამოვიდა. ხოსე ბორდალასმა დაინახა და პირდაპირ ძირითადი შემადგენლობა ანდო. მას მერე ხოსე მანუელ ოჩეტერანს მიერ გაწეული დიდი სამუშაოს შედეგად მამარდაშვილი დიდ მეკარედ ჩამოყალიბდა.
  2. მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა.

ფრანსისკო პერეს რუფეტე

  1. მამარდაშვილმა ძალიან მოკლე დროში დიდი პროგრესი განიცადა, რაც მისი ბუნებრივი ნიჭისა და მწვრთნელების ნდობის, მათ მიერ მისთვის დათმობილი წუთების შედეგია.
  2. თანხას ვერ დავასახელებ, რადგენ ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი რამ კი ცხადია: ყოველთვის, როდესაც ესპანეთის ლიგაში ასეთი დონის მეკარე გამოჩნდებოდა, მას ევროპასა და მსოფლიოში დიდი ფასი ედებოდა.

ხუან სანჩესი

  1. ვხედავთ დიდ, შთამბეჭდავ პროგრესს. ის „ვალენსიასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კლუბი მას შეინარჩუნებდა, მაგრამ თუ ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია, ჯობს გავყიდოთ.
  2. კონკრეტულ რიცხვებს ვერ დავასახელებ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია.