სტამბოლში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ხუთი ლიცენზია აქვს მოსაპოვებელი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთს დასჯერდა, ხოლო ორის საკითხი ხვალ გაირკვევა.
ლიცენზიებს თითოეულ წონაში ფინალში გასულნი და საუკეთესო მესამე ადგილოსნები იღებენ.
პარიზის ოლიმპიადის საგზური ჯერ მხოლოდ რამაზ ზოიძეს (67კგ) ერგო. ჩვენებურმა დილის სესიაში ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი ასლან ვისაიტოვი 2:1 დაამარცხა, შემდეგ შვედი ნიკლას ოელენს 5:0 აჯობა, ხოლო ყაზახი დინ კოშკარს – 9:4. ნახევარფინალში ზოიძე ჩინელ ლეი ლის დაეჭიდა და პირველივე პერიოდში 10:0 გაანადგურა.
შანსი აქვთ იური ლომაძეს (77) და ლაშა გობაძეს (87). ლომაძემ დანიელ ოლივერ კრუგერს (3:0), ინდოელ ვიკაშ ვიკაშს (8:0) და სერბ ვიკტორ ნემესს (10:1) კი მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს სერგეი კუტუზოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიისთვის ბრძოლა მეორე მესამე ადგილოსანთან მოუწევს.
იმავე გზა უნდა გაიაროს გობაძემ, ვინაც კუბელი დანიელ ეჩავარია (1:1) და ნიდერლანდელი მარსელ შტერკენბურგი (3:3) ბოლო ქულის წყალობით დაამარცხა, მერე სომეხ გევორქ ტადევოსიანს (5:4) აჯობა, ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან დამარცხდა. ლომაძე და ლაშა გობაძე ხვალ იჭიდავებენ.
გეტყვით ასევე, რომ ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60) და იაკობ ქაჯაია (130). შესაბამისად, ამ წონებში ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ გვეყოლება. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიდან აქამდე ლიცენზია რობერტ კობლიაშვილსაც (97) ჰქონდა. ზედ კი, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.