ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნისა” და „რეალის” შეხვედრის დროს ჰარი კეინის დაბნევა სცადა. მოგეხსენებათ, კეინი და ბელინგემი ინგლისელები არიან, მალე ისინი ერთად გაემგზავრებიან გერმანიაში ევრო 2024-ზე, თუმცა მანამდე მათი გზები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა. „ალიანც არენაზე” „ბაიერნმა” და „რეალმა” 2:2 ითამაშეს. კეინმა მიუნხენელთა მეორე გოლი შეაგდო, პენალტით და ქვემოთ სწორედ ამ ეპიზოდზეა ლაპარაკი.

როდესაც მსაჯმა კლემან ტურპენმა მადრიდელთა კარში პენალტი დანიშნა და კეინი მის დასარტყმელად ემზადებოდა, ბელინგემი ინგლისის ნაკრების კაპიტანთან მივიდა და რაღაც ჩაუჩურჩულა. კეინი ასე იგონებს:

„ვიცოდი, რომ იქ იყო, მაგრამ ვერ გავიგე რა მითხრა. შემდეგ გამოველაპარაკე. თურმე უთქვამს, ვიცი მეკარისგან მარცხნივ დაარტყამო. მაგრამ, ჩემთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შევამჩნიე, რომ მეკარემ ოდნავ ადრე დაიწყო მოძრაობა და ამით ვისარგებლე. მაინც მეკარისგან მარცხნივ დავარტყი და გავიტანე”.