რთული საქმეა სპორტული ჟურნალისტობა. პირველ ადგილზე ოპერატიულობა როცა დგას, ხშირ შემთხვევაში ემოციები გძალავს. არადა, ემოციურობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გესაქმება. ევროპის საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრას მინდა დავუბრუნდე.
ვინც გვერგო, გვერგო: ლატვია, ყაზახეთი და ანდორა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო სუსტი ჯგუფიც გამოგვსვლოდა, მაგრამ ამით რა? ვის ავუხვევდით თვალებს? თუ ლატვიის და ყაზახეთის გვეშინია, ჯგუფში სულაც სამი ანდორა რომ შეგვხვედროდა, მერე ფლეი-ოფში მათთან ან მათზე უარესებთან მაინც მოგვიწევდა ჭიდილი.
რადგან ანდორა ვასხსენეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს დაუწუწუნიასავით, ანდორასთან ჩვენების მატჩამდე ყაზახეთს ერთი დღით მეტი უწევს დასვენებაო.
ანდორასთანო!!!
ერთი დღით ნაკლებიო!!!
ერთი დღით კი არა, ღამის სამ საათზე განგაშის სირენით რომ გააღვიძო საქართველოს ნაკრები და ეგრევე მოედანზე შეუშვა, მაინც დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს ანდორას!
ემოციების დაცხრობის კვალად, სულ უფრო მომწონს ერთა ლიგის ფორმატი. გერმანიასთან თამაშზე მუხლების კანკალით გასვლას (თავად კობიაშვილს აქვს მონაყოლი) სჯობს, დღევანდელი თაობა ყაზახეთ-ლატვიის კალიბრის მეტოქეებთან გამარჯვებას საყველპურო საქმესავით შევაჩვიოთ, მერე ნორვეგიებს და ხორვატიებს შევკადროთ იგივე და მოვა დრო, როცა ნებისმიერთან სათამაშოდ მუხლების კანკალის გარეშე გავალთ.
განა იგივე გზა არ გაიარეს კალათბურთელებმა? ბელარუსთან მოგებას ვზეიმობდით ხოლმე და დღეს ლიტვასთან თანაბარ ბრძოლაში მარცხი გვაცოფებს.
განა იგივე გზა არ გაიარეს მორაგბეებმა? ესპანეთთან და პორტუგალისთან ჯაჯგურით იქამდე მივედით, უელსი დავაფრთხეთ!
ყველაფერს თავისი დრო აქვს, თუმცა ყველა ფორმაციის საფეხბურთო უფროსობას სწორედ მისი მმართველობისას უნდა მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.
მოჩქარეს მოუგვიანდესო…
მოდით, ჯერ ყაზახეთს და ლატვიას მივხედოთ.
და თუ ღმერთი გწამთ: ანდორაზე წუწუნით აღარასოდეს მიაყენოთ შეურაცხყოფა ქართულ ფეხბურთს.