„ნაპოლი” მოუთმენლად ელოდება ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას. ბოლო ინფორმაცია ადრინდელისგან განსხვავებულია: ახლა ამბობენ, რომ თავდამსხმელი მშობლიური ნიგერიიდან დღეს ანუ 15 თებერვალს, დილით ჩამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შაბათს „ჯენოასთან” შეხვედრაში ითამაშებს.
ვერ გეტყვით რამდენად დაამშვიდებს ეს ინფორმაცია „ნაპოლის” ქომაგებს, რომლებიც ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გაღიზიანებულები წერდნენ, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარ ბომბარდირს ძალიან ცოტა შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხელფასი კი იცოცხლეთ, ისე მოემატა.
და მაინც, ისეთი ძლიერი თავდამსხმელის დაბრუნება როგორიც ვიქტორ ოსიმენია მღვრიე წყალს ცოტა ხნით მაინც დაწმენდს. მისი „ნაპოლის” შემადგენლობაში გამოჩენა მწვრთნელ ვალტერ მაცარის მრავალმხრივ გაუხსნის ხელ-ფეხს: ტექნიკურად, ტაქტიკურად და მოტივაციის თვალსაზრისით, ხოლო კლუბს ეკონომიკურადაც კი. მოგეხსენებათ, ოსიმენისთვის ხელფასის მომატებას თან დაუყოვნებლივ მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ზაფხულში „ნაპოლიდან” წავა. ხელფასის ზრდა კი შთამბეჭდავი იყო — წელიწადში 4,25 მილიონიდან 10 მილიონამდე. ლაპარაკია დაქვითვის შემდგომ თანხაზე ანუ ნეტოზე.
პორტალმა calcionapoli24-მა დათვალა, რომ 2023-2024 წლების სეზონში ნიგერიელი თვეში 833 ათას ევროს მიიღებს. „აძურიმ” მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ოსიმენმა ითამაშა 18 ანუ 58 პროცენტი. გამოდის, რომ თავდამსხმელმა ჯერჯერობით ერთ შეხვედრაში 555 555,55 ევრო მიიღო, რაც გამაოგნებელი თანხაა. თუ ფეხბურთელი „ჯენოასთან” და შემდგომ შეხვედრები მიიღებს მონაწილეობას, სეზონის ბოლო მისი გასამრჯელო ერთ შეხვედრაში 285 000 ევრო იქნება. მაგრამ, როგორც საიტი წერს, ეს ფული არაფერია იმასთან შედარებით, რასაც აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის გაყიდვის შემთხვევაში გამოიმუშავებს.