ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მ სტატიას, რომელშიც „ატლეტიკოსთან” 0:2 წაგებული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს აფასებს, ასე დაარქვა: მამარდაშვილი რომ არა უარესი შედეგი იქნებოდა. შემდეგ კი მოდის შეფასებები. „ღამურების” ქართველ გოლკიპერზე კერძოდ წერია: „მარცხის მიუხედავად ის გუნდში საუკეთესო იყო. მან რთული დარტყმები მოიგერია და კარი რამდენიმე გოლისგან იხსნა”. რაც შეეხება ქულებს, პორტალმა გიორგის 7 დაუწერა. დანარჩენთაგან მასთან ყველაზე მიახლოებული შეფასება (5!) მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოედანზე შეხვედრის ბოლოს შევიდნენ.

კიდევ ერთმა ვალენსიურმა საიტმა superdeporte-მ კი ასე დაწერა: „მეკარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მოიგერია, რის წყალობითაც „ვალენსია” განადგურებას გადარჩა”. მამარდაშვილს ამ პორტალმაც 7 ქულა დაუწერა.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კი „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ყველაზე ცუდი ის იყო, რომ დღეს საკუთარ თავს არ ვგავდით. „ატლეტიკომ” შეიძლება მოგიგოს, მაგრამ შენ არ უნდა ითამაშო ასე. ვერც რიტმს ავუღეთ ალღო და ვერც პრესინგს მოვაბით თავი…”

ოცდაორი ტურის შემდეგ „ვალენსია” 32 ქულით მე-8 ადგილზეა. კონფერენციის ადგილზე გამსვლელ მე-6 ადგილზე არის „რეალ სოსიედადი”, რომელსაც 36 ქულა აქვს. შემდეგი შეხვედრა მამარდაშვილი გუნდს შაბათს შინ აქვს, „ალმერიას” მასპინძლობს.