„ხალხმა ვისაც ფული აქვს და სჯერა, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ფეხბურთის გარდა სპორტის ყველა სახეობა იყიდა. ეს ჩვენი გულშემატკივრის, კულტურის და ისტორიის დამსახურებაა. ევროპაში ფეხბურთი ყველა სპორტს დიდი უპირატესობით უსწრებს”, — თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ინგლისურ „გარდიანთან” ინტერვიუში, სადაც საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ზვონიმირ ბობანის გადადგომა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატი, საუდელ არაბთა ზვავივით თავს დატეხილი ფული, სუპერლიგა და სხვა.
A22-ზე ანუ სპორტული მენეჯმენტის კომპანიაზე, რომელიც ყბადაღებული სუპერლიგის შექმნას ცდილობს, ჩეფერინმა თქვა, რომ ერთადერთი რასაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ აქეთ-იქით სიარული და ინტერვიუების მიცემაა. „ჩვენ კი ამასობაში ფეხბურთს ვმართავთ”, — დასძინა პრეზიდენტმა და სუპერლიგას „არა-პროექტი” უწოდა. სლოვენიელი ამტკიცებს, რომ სუპერლიგა არავის სჭირდება. მართალია A22-ის წარმომადგენლები ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ 20 კლუბის დასტური უკვე აქვთ, რეალურად საქმე გაცილებით რთულადაა. ჩეფერინი ამბობს, რომ სუპერლიგა ფეხბურთის კი არა, ზოგადად საზოგადოების პრობლემაა. საკითხი ასე დგას: იყიდება ყველაფერი ფულზე თუ არა.
„ჩემს მშობლიურ სლოვენიაში ქუჩაში 80-90 წლის ძველი გულშემატკივარი ქალი შემხვდა. მან გამაჩერა და მითხრა: დიდი მადლობა ეს ნაბიჭვრები რომ გააჩერეთ”, — მოყვა ჩეფერინმა, შემდეგ კი განმარტა, რომ სხვისთვის სხვა შეჯიბრების მოწყობა არასდროს აუკრძალავს: „მე მათ ვთხოვ ჩვენს შეჯიბრებებში არ ითამაშონ. თუ ჰყავთ თავიანთი გუნდები, მათი რაოდენობის გათვალისწინებით საკუთარ ტურნირებს გაუკეთონ ორგანიზება”.
ბობანის გადადგომაზე ჩეფერინმა ბრძანა, რომ მართალია ხორვატის ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო, მაგრამ მას უეფასა და ევროპულ ფეხბურთში რყევები არ გამოუწვევია. „ეს ამბავი წარმოადგინეს როგორც „ვაუ!”, მე კი ჩრდილოკორეელ დიქტატორად კიმ იონგ უნად წარმომაჩინეს, მაგრამ ასე არ არის. უეფას პრეზიდენტად ჩემი კიდევ ერთი ვადით არჩევა მთლად ჩემი იდეა არ არის”.
კიდევ ჩეფერინი ამბობს, რომ ფინანსური „ფეარ ფლეი” კარგად მუშაობს, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში სახელფასო ზედა საზღვრის შემოღება იოლი არ იქნება. საქმე ის არის, რომ თუ ევროპულ კლუბებს შევზღუდავთ, დადგება კონკურენციის პრობლემა და სწორედ აქ შემოვა სცენაზე საუდის არაბეთი. უეფას პრეზიდენტი ამბობს, რომ ვინ რასაც გინდა ამბობდეს, ფეხბურთელებს გული იქით მიუწევთ, სადაც უფრო დიდი ხელფასებია. „თუმცა, მაინც მეეჭვება რომ ფეხბურთის ყიდვა შეიძლება. ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ გულშემატკივარს ფეხბურთელებზე მეტად კლუბები და შეჯიბრებები აინტერესებთ”, — თქვა სლოვენიელმა, რომელმაც დაასკვნა, რომ საუდეთის ლიგა დიდხანს ვერ გასტანს: „მათი მხრიდან ეს ფულის ამაო ხარჯვაა”.
და ბოლოს ახალ ფორმატებზე. მაგალითად ფიფას პროექტზე 32 გუნდიან კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. „თუ ეს შეჯიბრება კლუბებს მოსწონთ, მე ხელს ვერ და არ შევუშლი, თუმცა მგონია, რომ საინტერესო შეჯიბრება არ გამოვა”, — თქვა დასასრულ ჩეფერინმა.