ხორვატიის ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ვარსკვლავი, 55 წლის ზვონიმირ ბობანი უეფას ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი გახლდათ ორგანიზაციის პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განზრახვა 8 თებერვალს პარიზში დანიშნულ ყრილობაზე შეცვალოს წესდება და თანამდებობაზე 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ისევ იყაროს კენჭი. წესი, რომლის თანახმადაც ერთ ადამიანს უეფას პრეზიდენტად მუშაობა 12 წელზე მეტხანს არ შეუძლია 2017 წელს თავად ჩეფერინმა შემოიღო. მაშინ ის ამ გადაწყვეტილებას რეფორმას უწოდებდა. მართალია „დეილი ტელეგრაფისთვის” მიცემულ ბოლო ინტერვიუში ჩეფერინმა თქვა, რომ უეფას პრეზიდენტობამ დაღალა, ბობანს სწამს, რომ სლოვენიელი წესდებას სათავისოდ ცვლის და 2027 წლამდე აპირებს სავარძელში დარჩენას.

ხორვატმა მის სამშობლოში გამომავალ გაზეთ „ტელეგრამში” გამოაქვეყნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ჩეფერინს ელაპარაკა და უთხრა, რომ მისი განზრახვა სწორი არ არის. როგორც წესი და რიგია ბობანი მადლობას უხდის პრეზიდენტს თანამშრომლობის სამი წლისთვის, მაგრამ დასძენს, რომ პრინციპების წინააღმდეგ ვერ წავა.

ფრანგული გაზეთი „ეკიპი” ბობანის განდგომას უეფაში გაჩენილი ბზარის გაფართოებად მიიჩნევს. ანტი-ჩეფერინული ფრონტი იზრდება. ბრიტანული და სკანდინავიური ფედერაციები პრეზიდენტის მხარდაჭერას არ აპირებენ. ბობანის საჯარო პროტესტის შემდეგ მათ შესაძლოა სხვებმაც მიბაძონ. წესდების შეცვლას 55 წევრი ფედერაციის ორი მესამედის ხმა სჭირდება. „ეკიპი” წერს, რომ უეფაში სულ უფრო მეტს ენატრება მიშელ პლატინი. და კიდევ, განდგომის მერე ბობანს ხელ-ფეხი ეხსნება სურვილის შემთხვევაში თავადაც იყაროს კენჭი.

და ბოლოს, დამოკიდებულება ფიფასთან: ბოლო პერიოდში ჩეფერინსა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სლოვენიელმა მხარი არ დაუჭირა ინფანტინოს იდეას მსოფლიოს ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. „ეკიპის” მტკიცებით ფიფას ოფისში ბობანის წერილს სიხარულით შეხვდნენ.