დიღმელი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, დინამოს ბაზა უბანში ჰქონდათ და ღობიდან როცა მოეპრიანებოდათ მაშინ იხედებოდნენ. აძვრებოდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და უყურებდნენ ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას… რასაკვირველია, პატარა არც დიღომია და ბაზასთან რომ მოხვდე დიდი ქუჩა უნდა გადაირბინო — გააჩნია სად ცხოვრობ — მაგრამ სად ქუჩის გადარბენა და სად მილიონიანი ქალაქის ერთი რაიონიდან მეორეში წასვლა. თან მაშინ მობილურები არ იყო და კერპების პირდაღებულ ყურებაში გართულს შინ რომ დაგეგვიანა, მშობლები გემრიელად შეგჯორავდნენ.
ერთხელ მახსოვს ღობესთან დიდი გულის ფანცქალით მივედი, გადავიხედე და… იქ არაფერი ხდებოდა. ანუ ვარჯიშის დრო არ იყო. თან დიდხანს ვერ გავჩერდებოდი. კინაღამ გული გამიჩერდა. მართალია, წმინდა ადგილს და მის სავარჯიშო მოედანს ვხედავდი და ეს დიდი საქმე იყო, მაგრამ მეორე დღეს კლასელებისთვის რა მომეყოლა? ვხვდებოდი, რომ მინდვრის და ორი კარის დანახვაზე მეტი იყო საჭირო. ამ ტანჯვაში რომ ვარ, ვხედავ იმხანად დაშავებული ტუხა ქორიძე გამოდის და ბურთის გორებას იწყებს. არ დარბის, ისე ააგდებს-გააჩერებს. დავაჭყიტე თვალები. ეს მთელი გუნდის ვარჯიში არა, მაგრამ მოსაყოლი ამბავი ნამდვილად იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოვიდა. რაკი ვერ დავიმახსოვრე ესე იგი დუბლებიდან იქნებოდა. ეს ფეხბურთელი მოედნის გარშემო სირბილს შეუდგა. აქეთ ტუხა კენწლავს, იქით ის დარბის. და როდესაც დუბლიორი ტუხას მიუახლოვდა, გაიღლაბუცა, ბურთის წართმევა მოუნდომა, მაგრამ ქორიძემ ბურთი დამალა, მორბენალს ზურგი შეაქცია. აი, ახლა გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, მეორე დღეს ეს ამბავი კლასელებმა უამრავჯერ მომაყოლინეს. მისმენდნენ პირდაღებულები და თავიანთ წარმოდგენაში დიღომში იყვნენ, ბაზაზე, ტუხა ქორიძის შორიახლოს. იქ, სადაც სხვადასხვა დროს ვარჯიშობდნენ ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა… მერე ყიფო, ვოვა, საშა, რამაზა, ვიტალა… აქ ატარებდნენ ვარჯიშებს ბუმბერაზი ანდრო ჟორდანია, გავრილ კაჩალინი, მიხაილ იაკუშინი და თვით ნოდარ ახალკაცი…
…„ ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება“, — დაწერა თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში, სადაც ოდესღაც თასების თასის მფლობელი კლუბის რეორგანიზაციის გეგმა გაგვაცნო. იქ სხვაც ბევრი ისეთი რამ წერია, რასაც გული და გონება იოლად ვერ იღებს, დაფიქრებაა საჭირო, მაგრამ… აბზაცი, რომელიც აქ ციტატად მოვიტანეთ რაღაც სხვანაირად მოხვდა გულს. მესმის, დინამოს შესაძლოა ახალი, თანამედროვე ბაზა სჭირდება, მაგრამ ამ ისტორიულ საწვრთნელ ცენტრს რა ბედი უნდა ეწიოს? ნუთუ მის ადგილას კორპუსები უნდა აშენდეს და მავანმა ახალმა მოსახლემ ხელის ნაბანი წყალი კანალიზაციის მილებს გაატანოს? ნუთუ მე და ჩემნაირებმა შვილიშვილები კორპუსების ტყეში ჩაჭეჭყილ მანქანებს შორის უნდა გავატაროთ და ვუთხრათ: აი, აქ ვარჯიშობდა თბილისის დინამო.
და ვინ იცის, რომელიმე კორპუსის იქითა ბოლოში 90-იანი წლების რომელიმე ვარსკვლავსაც მოვკრავ თვალს. შვილიშვილთან ერთად…