7:23 – ასე დასრულდა ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი „სკარლეტსსა“ და „შავ ლომს“ შორის. ქართველებმა უელსელი მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს და შეცდომების ფაქტობრივად სიურრეალისტური რაოდენობა რომ არა, ანგარიშში ეს სხვაობა გაცილებით, შეუდარებლად დიდი იქნებოდა. „შავმა ლომმა“ ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ოქროს ასოებით შეავსო!

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართული რაგბის მთავარი წარმატებები მაინცდამაინც უელსს უნდა უკავშირდებოდეს. როცა 2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნებმა უელსის დედაქალაქ კარდიფის დიდებულ „მილენიუმზე“ იქაური პუბლიკა სრულ იმედგაცრუებასა და გულდაწყვეტაში დატოვეს და რეგრესის სტადიაში მყოფ „დრაკონებს“  13:12 მოუგო, ეს სენსაცია კი იყო, მაგრამ არა ისეთი, სარაგბო სამყარო რომ გადატრიალებულიყო.

დიდად არავის გაკვირვებია – ჯერ კიდევ 2017-ის ნოემბერში, იგივე „მილენიუმზე“ ქართველები 6:13 მარცხდებოდნენ და ბოლო წუთებზე მასპინძლები ისე დაჩაგრეს შერკინებაში, რომ ჰაერში სენსაციის სურნელი ხომ ტრიალებდა და გარდა ამისა, უელსელები სრულ პანიკაში იყვნენ. მაშინ მოხდა, რომ ეშმაკმა უორენ გეტლანდმა ყველა პირველხაზელის ტრავმა მოიმიზეზა და ცრუ-შერკინება მოითხოვა – ესაა შერკინების იმიტაცია, სადაც მხარეები ერთმანეთს არ აწვებიან. ამ ხერხით უელსელთა ზელანდიელმა დამრიგებელმა თავის გუნდს დიდი სირცხვილი აარიდა, მაგრამ ეს ხომ რაგბია, სადაც სიმულანტობა, მიზეზის გამოგონება და მსგავსი მაიმუნობა გაცილებით დიდ სირცხვილად მიიჩნევა. არადა ტრავმირებული თანაგუნდელის შესაცვლელად უკვე გამოცვლილი ბურჯი მზადაც იყო და მინდვრისკენაც მიიჩქაროდა, როცა მწვრთნელის მკაცრმა შეძახილმა უკან მოახვევინა. მოკლედ, გეტლანდი ამ საქციელისთვის მაგრად გააქილიკეს, უელსური რაგბის შემარცხვენელიც კი უწოდეს, მაგრამ ისტორიას უელსის მოგება დარჩა, დანარჩენი ლირიკაა…

ჰოდა, უკვე მაშინ გამოჩნდა, რომ „დრაკონები“ არ არიან ისე საშიშები, როგორც შორიდან ჩანდა. მომდევნო შეხვედრამ კი ყველაფერი თავის ადგილებზე დააბრუნა – 2019-ში, იაპონიის მსოფლიო თასზე გეტლანდის გუნდი უკვე მოყოჩაღებული იყო, შერკინებასაც სულზე მიუსწრო ახალმა წესებმა, რომელმაც ქართული შერკინების დაღმასვლაც განაპირობა ამავდროულად. ჰოდა მივიღეთ კიდეც 43:14 განადგურება.

2020-ის ნოემბერში, გაგანია პანდემიაში „შემოდგომის ერთა თასი“ იმართებოდა და უელსურ-ქართული გზები იქაც გადაიკვეთა. უეინ პივაკის რაზმმა მაისაშვილის მიერ ჯანმრთელ ქართველთაგან შეკოწიწებულ ბორჯღალოსნებს მშრალად მოუგო 18:0, თუმცა უელსი ისე ვეღარ ბრწყინავდა, როგორც იაპონიაში. საინტერესოა, რომ ის მატჩი ჰლანეჰლის „პარკ ი სკარლეტსზე“ გაიმართა – „სკარლეტსის“ საშინაო არენაზე.

შემდეგ იყო 2022 წლის „მილენიუმი“ და ლუკა მატკავას ფენომენალური გამარჯვების გასროლა. იმედები უზარმაზარი ჩაგვესახა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე უელსმა კვლავ გაანადგურა საქართველო – 43:19, ოღონდაც გუნდს კვლავ გეტლანდი ხელმძღვანელობდა, რომელიც გაგდებული პივაკის ნაცვლად დააბრუნეს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.ახლა კი უელსურ-ქართული სარაგბო გზები უკვე საკლუბო დონეზე გადაიკვეთა. „სკარლეტსი“, წესით, ყველაზე მაგარი უელსური ფრენჩაიზია, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში დაარსდა და მას მერე მუდმივად თამაშობს ან ჩელენჯ კაპზე, ან სულაც ჩემპიონთა თასზე. ორივე ევროტურნირზე ჰლანეჰლელები ნახევარფინალამდე მისულან. „შავი ლომი“ კი დებიუტანტია! პირველ ტურში „გლოსტერთან“ დასანანმა საშინაო მარცხმა რაგბის სამყაროს დიდი ყურადღება ვერ მიიქცია, არადა ის თამაში წასაგები სულაც არ იყო. პირიქითაც კი. თუმცა, სპორტული სიბრძნე ღაღადებს, რომ მთავარია ტაბლო. ჰოდა, ჩვენი ლომების შეუფასებლობამ „სკარლეტსი“ დაღუპა, ამას დაემატა ქართული დერეფნის უბრალოდ კატასტროფული, ენით აუწერელი, ანომალიურად ცუდი თამაში და თავიდან ისე ჩანდა, რომ გამოცდილი კაცი ბავშვს მორიგ გაკვეთილს ჩაუტარებდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ზელანდიელ-ტონგელმა ფიფიტამ ლელო დაგვიდო.

მაგრამ, რა ფორმაშიც უნდა იყვნენ ქართველი მორაგბეები, მათი გატეხვა უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ამ მენტალურმა სიმტკიცემ ქნა ის, რაც პირველი ტაიმის ბოლოდან მატჩის ბოლომდე ხდებოდა – წაგებული დერეფნის შემდეგ ბიჭები ბურთს ბრძოლით მაინც ეუფლებოდნენ, შერკინებამ გაილაღა, მიყოლებით აჯარიმებდა უელსურს და ყველაფერი დალაგდა. მეორე ტაიმში თანდათან დერეფანიც დარეგულირდა და აბა აწყვეტილ „შავ ლომს“ რაღა გააჩერებდა?! პირველ ტაიმში მირიან მოდებაძის ლამაზ ლელოსა და ლუკა მატკავას ჯარიმა-გარდასახვას მეორეში ბექა მამრიკიშვილის მიერ დაგვირგვინებული სუპერ-მოლი და მატკავას გარდასახვა პლუს ორი ჯარიმა მოჰყვა. ლუკამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო და აშკარად ეტყობა, რომ ნელ-ნელა უელსური გუნდების სპეციალისტად ყალიბდება.

„პარკ ი სკარლეტსზე“ თავიდან მხიარული პუბლიკა გაოგნებული ტოვებდა ტრიბუნებს – ასეთ მარცხს ხომ არავინ ელოდა, მით უფრო, რომ მათი საყვარელი გუნდი ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს იგივე ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში „გლაზგო უორიორსთან“ ბოლოსღა დამარცხდა და წლეულს უფრო შორს წასვლასაც გეგმავდა. და უცებ ვიღაც უცნობი, უისტორიო ქართული „ლომი“…

ყოჩაღ, ქართველებო! ეს იყო მაგარი კაცების მორიგი მაგარი ბრძოლა და რაც მთავარია, უპირობოდ დამსახურებული გამარჯვება. დერეფანს კი დამატებითი ვარჯიშებით ადრე თუ გვიან აუცილებლად მოევლება.