Napolipiu წერს, რომ ზოგადიტალიური გაზეთების და ტელეარხების მხარდაჭერის გარეშე, მარტო ნეაპოლური მედიით „ნაპოლი” შორს ვერ წავა და ამის დასტურად მსაჯთა ის შეცდომები მოჰყავს, რომლებმაც „პარტინოპეელთა” ბოლო ორ მატჩზე იქონია გავლენა. ლაპარაკია შეხვედრებზე „ინტერთან” (0:3) და „იუვენტუსთან” (0:1). პორტალი აღშფოთებულია, რომ დავიდე მასას მიერ „ინტერთან” შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ „აძურის” ისევ მიკერძოებული მსაჯი დანიელე ორსატო დაუნიშნეს და მას „იუვესთან” მატჩი ანდეს.

ნეაპოლური საიტი დარწმუნებულია, რომ ნახსენებ შეხვედრებში არბიტრებს „ნაპოლის” სასარგებლო გადაწყვეტილებები რომ მიეღოთ, იტალიურ მედიაში სულ სხვა ხმაური ატყდებოდა. და არავინ დაიწყებდა მწვრთნელების შეცდომების ძებნას, რადგან ჯოხს მსაჯებზე გადატეხდნენ.

ამის დასადასტურებლად napolipiu იხსენებს 2022 წლის 17 იანვარს, როდესაც „მილანმა” „სპეციასთან” 1:2 წააგო და მედიამ იმის ნაცვლად, რომ სტეფანო პიოლი გაეკრიტიკებინა, მსაჯი მარკო სერა გაატარა ქარ-ცეცხლში. თან, ბრალდება სერას წინააღმდეგ იმაში მდგომარეობდა, რომ მან არ იხელმძღვანელა რეკომენდაციით (და არა წესით!), რომელიც „მილანს” მარცხისგან იხსნიდა. მაშინ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მსაჯთა ასოციაციამ „როსონერის” ბოდიში მოუხადა, ხოლო სერა დასაჯეს, მასა და ორსატო კი „ნაპოლის” წაგებების გამო არ დაუსჯიათ.

napolipiu-ს სხვა ასეთი მაგალითებიც მოჰყავს და იხსენებს, რომ საერთოეროვნული პრესა-ტელევიზიის ხმაურმა ყოველ ჯერზე დიდი გავლენა იქონია, რასაც „ნაპოლი” მოკლებულია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში ოყო ეპიზოდი, როდესაც ფრანჩესკო აჩერბიმ ვიქტორ ოსიმენი საჯარიმოში წააქცია, მასამ კი პენალტი არ დანიშნა.

რაც შეეხება ორსატოს, ნეაპოლური პორტალის მტკიცებით მან ჯერ კიდევ 2017-18 წლების სეზონში შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი” არ გამხდარიყო. იმავე მსაჯმა მიმდინარე სეზონის მეათე ტურში, „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში მოედნიდან ნატანი გააძევა, ხოლო ტურინში ყვითელი ბარათი ამოუღო ხვიჩა კვარაცხელიას, მაშინ როდესაც პროვოკატორი ფედერიკო გატი დაუსჯელი დატოვა. იმავე ორსატომ, იმავე შეხვედრაში მოახერხა ვერ დაენახა ეპიზოდი, როდესაც ანდრეა კამბიასომ კვარაცხელია წააქცია და პენალტი უნდა დანიშნულიყო.

მაგრამ ვინაიდან „ნაპოლიმ” წააგო, ჯოხი ვალტერ მაცარიზე უნდა გადატყდესო, ირონიულად წერს პორტალი.