„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „გრან გალა დელ კალჩო 2023″-ში მონაწილეობდა, სადაც „აძური” წლის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და ჯილდო გადასცეს. დე ლაურენტისი სცენაზე ავიდა და საზოგადოებას ასე მიმართა:
„ეს იყო დაუვიწყარი წელიწადი, რომელსაც ნეაპოლელები 33 წელიწადი ელოდნენ. ნეაპოლში არსებობს მხოლოდ ერთი მითი. ეს გახლავთ მითი მარადონას შესახებ. ჩვენ კი ამ ქალაქს ღიმილი დავუბრუნეთ და რაც ყველაფერზე მთავარია პატარებს ვასწავლეთ, რომ სოციალიზაციის საუკეთესო ადგილი სტადიონია. როდესაც გაკოტრებული „ნაპოლი” ვიყიდე, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში ვნახე სამი ბავშვი. ერთს „მილანის” მაისურა ეცვა, მეორეს „ინტერის”, ხოლო მესამეს „იუვენტუსის”. მე მათთან მივედი და ვკითხე, რატომ არ ეცვათ „ნაპოლის” მაისური. პასუხად მათ ჯანდაბაში გამაგზავნეს. მაშინ მივხვდი, რომ წინ დიდი სამუშაო მელოდა”.
ლუჩანო სპალეტის შესახებ: „…ხანგრძლივი ძიების შემდეგ დიდ მწვრთნელს შევხვდი. რვა თუ ცხრა წლის წინ მე და ანდრეა კიაველიმ ვცადეთ მისი გადმობირება, მაგრამ მაშინ ის რუსეთში კონტრაქტით იყო ხელ-ფეხ შეკრული. სამი წლის წინ იანვარში კი, როგორც იქნა მე მილანში, ბოსკო ვერტიკალეში (ცნობილი საცხოვრებელი შენობაა) მის კარზე დავაკაკუნე, სადაც ის იდუმალი და ფრთხილი იერით დაგვხვდა და ჩვენ ივნისზე შევთანხმდით. ეს იყო ბედნიერი პარტნიორობა. იმდენად ბედნიერი, რომ როდესაც მან მითხრა, რომ გაგრძელება აღარ უნდა გამახსენდა რაფა ბენიტესი, რომელსაც დარჩენა დავაძალე და საქმე კარგად აღარ წავიდა. ვიფიქრე, რომ ჩვენ მისთვის მადლობა უნდა გვეთქვა, რადგან მან 33 წლის შემდეგ გამარჯვება მოგვიტანა.
სკუდეტოსთვის მინდა მადლობა გადავუხადო დიდებულ მწვრთნელ სპალეტის, სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯიუნტოლის, რომელთან ერთადაც 8 წელიწადი გავატარე, ჩვენს ფანტასტიკურ ფეხბურთელებს და დიდებულ გულშემატკივრებს”, — თქვა „ნაპოლის” მეპატრონემ რომელიც ჯილდოს მიღებით ბედნიერი ჩანდა.