არასდროს აგხელიათ თვალი იმაზე, რაც იცოდით? მე ასეთი რაღაც მადრიდის ცენტრში, პლასა დელ სოლზე ანუ მზის მოედანზე დამემართა, საიდანაც სხივებივით გადის ქუჩები. რას ნიშნავს მადრიდისთვის ფეხბურთი და ფეხბურთისთვის მადრიდი ბავშვობიდან კარგად მომეხსენება. „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა, იგივე ჩემპიონთა თასი თოთხმეტჯერ რომ აქვს მოგებული ვიცი. დი სტეფანო, ხენტო, სანტილიანა, ბუტრაგენიო, რაული, ზიდანი და სხვა დიადნი ნებით თუ უნებლიედ ჩემი ცხოვრების მეგზურები არიან, მაგრამ… კალე არენალზე, მთავარი მოედნიდან ორ, არა ერთ ნაბიჯში „ბარსელონას“ ოფიციალური საკლუბო მაღაზია რომ დავინახე, მაშინ მივხვდი რამხელა საფეხბურთო მეგაპოლისში ვიყავი.

მანამდე „რეალისა“ და „ბარსელონას“ ურთიერთობაზე თბილისური წარმოდგენა მქონდა. დიახ, ეს ორი დიდი კლუბი ქიშპობს, ერთმანეთს ეჯიბრება, — განა საპირისპიროს დამტკიცებას ვცდილობ, — მაგრამ მადრიდი მექაა, ვატიკანია, საპატრიარქოა და შეუძლებელია ისე დაწვრილმანდეს, რომ იმ ქვეყნის სხვა დიდ გუნდს, რომლის დედაქალაქსაც თავად წარმოადგენს, ცენტრში მაღაზია არ გაახსნევინოს. ის ამას უბრალოდ ვერ იკადრებს.

და ცხადია იქვე, ოცდაათ მეტრში, პლასა დელ სოლის კუთხესთან არის „რეალის“ საკლუბო მაღაზიაც. ხოლო მოედნის გადაღმა ფეხბურთის მუზეუმია, სადაც გამოფენილია და იყიდება სხვადასხვა ეპოქის მსოფლიო ჩემპიონებისა და დიდი კლუბების მაისურები, ყველა დროის ბურთები, ნაირგვარი ატრიბუტიკა. იქ არის პელე, დიეგო, იქ არიან სხვა მოციქულები, რადგან ეს მადრიდია, მთელი ლათინური სამყაროს ცენტრი და ქალაქი სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს.

 

 

ამ ქალაქში არის ჯადოსნური ნაგებობა რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ ჰქვია. პირველი, რაც მის ტრიბუნაზე შესვლის შემდეგ ვიფიქრე ის იყო, რომ ამ არაჩვეულებრივ არქიტექტურას და ვეებერთელა სამყაროს ვერანაირი ფოტო და ტელეკამერა ვერ აღწერს. ის ყველამ თავად უნდა ნახოს, ისევე როგორც ყველამ თვითონ უნდა აკოცოს შეყვარებულს, რადგან კინოში ნანახი კოცნით ნამდვილ სიყვარულს ვერ იგრძნობ. „სანტიაგო ბერნაბეუ“ გამარჯვებული ხალხის თავშეყრის ადგილია. იქ ნახევარ საუკუნეზე მეტია დადიან ადამიანები, რათა თავიანთი უძლეველობა შეიგრძნონ. და ნუ იფიქრებთ, რომ ისინი ამ სიდიადის შესაგრძნობად ვინმეს ქვემოდან ეტოლებიან. მათთვის გამარჯვება ჩვეულებრივი მდგომარეობაა. სკანდირებენ, მღერიან, ქომაგობენ, იგივე რეაქციები აქვთ, რაც სხვა კლუბების ქომაგებს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევთ: იციან ვინ არიან და რა უნდა მიიღონ. ამას ადვილად დაინახავთ თუკი სტადიონამდე ამ ყოფილი კოლონიური იმპერიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედნებს მოივლით. იქ ადამიანს უცნაური შეგრძნება ეუფლება: თითქოს მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე ატრიბუტის, მაგალითად ელექტროგანათების მოშორება უნდა და ხელში შეგრჩება ადგილები, სადაც წუთი წუთზე აივანზე შუა საუკუნეების მონარქი გადმოდგება და უზარმაზარი ფლოტის შორეულ ნაოსნობაში გაგზავნას ბრძანებს. ამიტომაც, კისრის ძარღვები მადრიდში ჩასული მეტოქეების გულშემატკივრებმა უნდა დაძაბონ, რადგან ისინი დიდი, მათ შორის საფეხბურთო სამყაროს ცენტრში მოხვდნენ და თვით სამეფო გუნდს უნდა დაეტოლონ.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას დავესწარი. ჩემს გვერდით მსხდომი მადრიდელების რეაქციებს ვაკვირდებოდი. თუ კვარაცხელია, ოსიმენი ან ნებისმიერი სხვა ნეაპოლელი მათ მცველს გასცდებოდა, ეს მათ გაკვირვებანარევ უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან მათ შორის ყველაზე ასაკოვნებსაც კი ჯერ კიდევ ბავშვობაში მამებმა აუხსნეს სად იმყოფებიან და ვის ქომაგობენ. ახლანდელი მოხუცები დიდი ხნის წინ მშობლებს ხელჩაკიდებული მოჰყავდათ აქ და მათი გონება ღრუბელივით იწოვდა ერთადერთ ჭეშმარიტებას: მათი გუნდი უძლეველია, მათმა მცველმა მეტოქის თავდამსხმელს ბურთი აუცილებლად უნდა წაართვას, ხოლო მათმა თავდამსხმელმა მოწინააღმდეგის მცველი უეჭველად უნდა ჩამოიტოვოს. იმიტომ, რომ ეს მოვლენათა ერთადერთი ბუნებრივი განვითარებაა, ხოლო სხვა ყველაფერი არაბუნებრივია. და ჩამოყალიბდა დიდი კლუბის მენტალიტეტი, კლუბისა რომელიც ხანდახან რასაკვირველია მარცხდება, მაგრამ ფეხბურთელიან მაყურებლიანად ყველამ იცის, რომ ეს ანომალიაა, რომელიც მალე უნდა გამოსწორდეს.

 

იმავდროულად, მადრიდელები შენი გუნდის ქომაგობას არ გიშლიან — პატივს გცემენ. უბრალოდ იციან, რომ მათ უნდა გაიმარჯვონ. ყოველ შემთხვევაში, „ნაპოლისთან“ თამაშის დღეს ასე იყო.

სტადიონთან მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივედი, რადგან „სარბიელის პოდკასტს“ პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთვოდი. თავიდან ნანახი ცოტა არ იყოს მეუცხოვა — „ბერნაბეუს“ გარშემო სამშენებლო ღობე ეკრა. შესაძლოა, რეკონსტრუქციის შემდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს შემორჩენილი სამუშაოები. და კიდევ, თვალში მეცა ქართველების სიჭარბე. სახელმწიფო დროშები. როგორც ჩანს ესპანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს იმ საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას და მისი „ნაპოლის“ საგულშემატკივროდ სამყაროს ერთ წერტილში მოეყარათ თავი. თამაშის დროს თითქმის ყველა ტრიბუნაზე დაინახავდით თეთრ ფონზე გამოსახულ ხუთ წითელ ჯვარს.

შეხვედრის დაწყებამდე ორსაათნახევრით ადრე უცებ ხმაური ატყდა. ეს სპეცტანსაცმელში გამოწყობილი მუშები შეესიენ სამშენებლო ღობესა და სხვადასხვა ბარიერებს. მათ მცირე ტექნიკაც ააბღუილეს და თხუთმეტ-ოც წუთში „ბერნაბეუს“ შესასვლელებისკენ გზა გახსნეს. საკუთრივ სტადიონის ჭიშკრები კი საათნახევრით ადრე გააღეს. იმავე ნეაპოლისგან განსხვავებით აქ ტრიბუნაზე მოხვედრა აეროპორტში უსაფრთხოების კონტროლის გავლას არ ჰგავს. პასპორტს და კლუბის გულშემატკივრის ბარათს არავინ გთხოვს. ამიტომაც გადის რიგი მალე. ნეაპოლში კი შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე სტადიონის შესასვლელებთან მილეთის ხალხია ჩამწკრივებული.

იმ დღეს, სანამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შესასვლელ ჭიშკრებს გახსნიდნენ, რიგში ბევრი უცხოელი დავინახე. ზოგის ეროვნება გავარკვიე, ზოგის — ვერ. ისინი ჰაჯის ასრულებდნენ. ესპანური და იტალიური გუნდების შეხვედრაში ჩვენ, ქართველებს კიდევ ჩვენი ინტერესი გვქონდა, სხვები კი „სანტიაგო ბერნაბეუს“ „მოსალოცად“ იყვნენ მისულები. და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან აკი მოგახსენეთ, რომ თუკი მადრიდში ჩახვალთ და თამაშამდე ქალაქში გაივლით, აუცილებლად იგრძნობთ სადაც ხართ. ესპანურენოვანი სამყაროს დიდებული და ცოტა მედიდური დედაქალაქი თითქოს თავად გეუბნება: ეს მადრიდია, ბატონო ჩემო, მთელი ლათინური სამყაროს ცენტრი, ქალაქი სადაც ფეხბურთის სული ბინადრობს.

Watch Real Madrid Live Stream | DAZN CA

წილი
წინა სტატიაბრუკლინში ჯადოქრობა არ ჭრის
შემდეგი სტატიამსაჯის ორი… ან ერთი შეცდომა
ილია ბაბუნაშვილი ჩვენი ამქრის ჯონ ლენონია. წარმოიდგინეთ, ჰოროსკოპიც დიადი ინგლისელი მუსიკოსის იდენტური აქვს, თუმც რატომღაც თავად გულზე არ ეხატება, მიედ-მოედებაო. განსაკუთრებით „იმეჯინი“ აღიზიანებს. უპურატესობას რობერტ პლანტსა და როდ სტიუარტს აძლევს. კიდევ, საეჭვოდ ხშირად ახსენებს რუსეთის ხანტი-მანსიისკის ოკრუგის მიყრუებულ სოფელ ხურუმპაულს.