35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება.
ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ღირსებას სწორედ ის დაიცავს.
„დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ „ბათუმმა“ „საბურთალოს“ მოუგო, მაშინ ევროსაგზურს მეოთხეადგილოსანი გორის „დილა“ მიიღებს. თუ „საბურთალომ“ იმარჯვა, ცხადია კონფერენს ლიგაზე ის იასპარეზებს.
თასის გადამწყვეტი მატჩი 6 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 19 საათზე დაიწყება.
ბოლო ტურში კიდევ ერთი აღსანიშნავი ამბავი მოხდა: „გაგრამ“ „შუქურას“ 9:0 მოუგო. გაგრელთა 24 წლის შემტევმა, ზურაბ მუსელიანმა, ქობულეთელებს 7 გოლი გაუტანა (სხვათა შორის, მუსელიანი „გაგრაში“ სწორედ „შუქურადან“ გადავიდა) და მიხეილ ჯიშკარიანის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 1991/92 წლების სეზონში „ცხუმი“ „მერცხალის“ (11:0) შეხვედრაში ამდენივეჯერ გამოიჩინა თავი.
მუსელიანს ჯამში 17 გოლი მოუგროვდა და ეროვნული ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა ბათუმელ ჯოვინო ფლამარიონთან და დინამოელ ზორან მარუშიჩთთან ერთად.
და კიდევ, „შუქურამ“ ბოლო სამი მატჩი ერთნაირი ანგარიშით 0:9 წააგო („სამტრედიასთან,“ „ტორპედოსთან“ და „ გაგრასთან) და ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა (ჯამში ქობულეთელებმა 112 გოლი გაუშვეს). შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ჩანს…
ახლა ცოტა სტატისტიკაც:
-35-ე ეროვნულ ჩემპიონატში სულ 559 გოლი გავიდა
– შესრულდა 39 დუბლი და 8 ჰეთ-თრიქი
1-ლი გოლი – ზვიად ნაჭყებია (სამტრედია vs თელავი) 25. 02. 23.(1 ტური)
მე-100 გოლი – პაატა ღუდუშაური (ბათუმი vs დინამო) 12. 04. 23. (8 ტური)
მე-200 გოლი – თორნიკე ძოწენიძე (დილა vs სამტრედია) 20. 05. 23. (15 ტური)
მე-300 გოლი – ილია ახვლედიანი (სამტრედია vs ტორპედო) ავტოგოლი 14. 08. 23. (21 ტური)
მე-400 გოლი ალექსანდერ იაკობსენი (ბათუმი vs შუქურა) 2. 10. 23. (28 ტური)
მე-500 გოლი გიორგი ზარია (ბათუმი vs თელავი) 24. 11. 23. (34 ტური)
ბათუმი 2:2 ტორპედო
1:0 სანდოხაძე (6 საკ. კარში), 2:0 კობახიძე (16), 1:2 არაბიძე (19), 2:2 შერგელაშვილი (64)
მე-19 წუთზე არაბიძემ ვერ გაიტანა პენალტი
შუქურა 0:9 გაგრა
0:1, 0:2, 0:3, 0:4, 0:5, 0:6 მუსელიანი (4, 11, 17, 19, 44, 52 პენ), 0:7 ხომუტოვი (65), 0:8 მუსელიანი (84), 0:9 აროშიძე (88)
დილა 3:1 თელავი
0:1 აშორტია (50 პენ), 1:1 კოვტალიუკი (64), 2:1 სარდალიშვილი (72), 3:1 მზვაკალი (88)
სამტრედია 2:3 სამგურალი
1:0, 2:0 ახვლედიანი (10, 39), 2:1, 2:2 ლომინაძე (45, 55), 2:3 გომეზი (68)
51-ე წუთზე ლომინაძემ ვერ გაიტანა პენალტი
საბურთალო 0:3 დინამო
0:1 სხირტლაძე (52), 0:2 მარუშიჩი (66), 0:3 უგრეხელიძე (90+2)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო), ზურაბ მუსელიანი (გაგრა) – 17, გიორგი არაბიძე (ტორპედო), უსმანე კამარა (დინამო) – 14, ულად-ომარ იმრანი (დინამო/ აპოელი ბეერ შევა ისრაელი) – 13, პაატა ღუდუშაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე – ბათუმი), დავით სხირტლაძე (დინამო), შეიკნე სილა (საბურთალო) – 12