გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს” ხუთი ტური არ მოეგო, მაგრამ ბოლოს ნავსი გაწყდა —  „ვილიარეალი” დაამარცხა 2:1. ეს იყო ღია თამაში, აქეთ-იქით აცილებული პენალტებით და ხავი კალეხას ქვეშევრდომებისთვის სეგუნდადან ლა ლიგაში აღზევების ახალი იმედით.

ვალენსიის „ესტადი სიუტატზე” გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის მეტი რომ არ შეიძლება ისე კარგად დაიწყო: დანი გომესმა მეორე წუთზევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-7 წუთზე მამადუ სილამ გაქვითა. გოლების გაცვლის შემდეგ თამაშს ტემპი არ დაუკარგავს. „ბროწეულისფერებს” კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ სტუმართა მეკარე ხორდი მასიპმა ორიოლ რეის დარტყმული მოიგერია. შემდეგ საქმეში VAR ჩაერია: სტუმარ სილას გოლი არ ჩაუთვალა და მასპინძელი დანი გომესის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. ტაიმის მიწურულს პაბლო მარტინესმა ისევ ვალენსიელები დააწინაურა.

მეტოქეებს შანსები შესვენების შემდეგაც ჰქონდათ. აქტიურობდა ქოჩორაშვილიც, მაგრამ მას ბედმა უმუხთლა, როდესაც 83-ე წუთზე მეტოქე გუნდის მეკარემ პენალტი აუღო. ხუთ წუთში იგივე ბედი ეწია ვალიადოლიდელ მონჩუს. 90+4 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 18 ტურის შემდეგ „ლევანტეს” 27 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია.