აქვე გთავაზობთ პორტალ flashscore-ის შეფასებებს

„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „უნიონ ბერლინს” უმასპინძლა და რომ მოეგო ფლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ ფრედ ითამაშა. ნეაპოლელები 38-ე წუთზე მატეო პოლიტანის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მოუკლეს, 52-ე წუთზე დაცვაში უხეშად შეცდნენ, დავიდ დატრო ფოფანას ანგარიში გაათანაბრებინეს და საბოლოოდ 1:1-ს დასჯერდნენ. იმავე დღეს „რეალმა” „ბრაგა” დაამარცხა — 3:0. შედეგად, C ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: მადრიდელებს 12 ქულით მერვედფინალი გარანტირებული აქვთ; მეორეზეა 7-ქულიანი „ნაპოლი”, რომელსაც 3 ქულით მოსდევს „ბრაგა”, ბოლო საფეხურზე კი გუშინ მოპოვებული ქულით „უნიონ ბერლინია”.

იმის შესახებ, თუ ვინ როგორ ითამაშა „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ, calciomercato-ს თავისი მოსაზრება აქვს (შესადარებლად აქ იხილეთ calcionapoli1926-ის შეფასებები). გთავაზობთ, იტალიური პორტალის შეფასებებს:

ალექს მერეტი 6: შერალდო ბეკერის დარტყმა კარგად მოიგერია, მაგრამ ფოფანას გოლის ეპიზოდში უკეთ თამაში შეეძლო. გამოსვლებზე ადრინდელთან შედარებით უკეთესი იყო.

ჯოვანი დი ლორენცო 6: მარჯვენა ფრთამ კარგად იმუშავა. პოლიტანოსთან ტრადიციულ კომბინაციებს ათამაშებდა.

ამირ რაჰმანი 6: ორიოდ ეპიზოდში სტანდარტული მდგომარეობების დროს შეტევაში სახიფათოდ ითამაშა, მაგრამ როგორც მცველს ბეკერი უსხლტებოდა.

ნატანი 6: ძირითადად სტანდარტული მდგომარეობების დროს გამოირჩეოდა. რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა შეტევაში ხიფათი ვერ შექმნა.

მარიო რუი 6,5: მარცხენა ფრთიდან ხარისხიანად აწვებოდა მეტოქეს. შეასრულა საგოლე გადაცემა. (77-ე წუთიდან მატიას ოლივერა 5,5: მოედანზე შეიყვანეს რათა თამაშში ახალი ენერგია შეეტანა, მაგრამ ვერ გაამართლა).

ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა 5,5: გაიტანა გოლი, რომელიც არ ჩაუთვალეს, რადგან მანამდე დი ლორენცომ თამაშის წესი დაარღვია. ხშირად კარგავდა ბურთს, რამდენიმე ეპიზოდში ტემპი დააგდო.

სტანისლავ ლობოტკა 6: ცდილობდა მეტოქე გუნდი ზეწოლის ქვეშ ჰყოლოდა, რათა შეტევაში მეტი ვარიანტები გამოჩენილიყო, „ნაპოლის” ეთამაშა ტრადიციული ინტენსიობით და სისწრაფით, მაგრამ მკლავი იტკინა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა (77-ე წუთიდან ჯოვანი სიმეონე 6: იბრძოდა, არ ერიდებოდა ფიზიკურ ორთაბრძოლებს, თუმცა იმ ეპიზოდებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, გოლის გატანასთან ახლოსაც არ იყო).

პიოტრ ჟელინსკი 6: თამაში კარგად დაიწყო. პირველ ტაიმში „ნაპოლის” ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელიც იყო, მაგრამ მეორე ტაიმში დაიკარგა (91-ე წუთიდან იენს კაიუსტე შეფასების გარეშე).

მატეო პოლიტანო 7: ძალიან კარგ ფორმაშია. ანგარიში გახსნა, ხშირად მიმართავდა დრიბლინგს. ამ შეხვედრაში მეტოქემ მისი გაჩერება ვერ შეძლო და ამიტომ უხეშობით ებრძოდა (87-ე წუთიდან იესპერ ლინდსტრომი შეფასების გარეშე).

ჯაკომო რასპადორი 5,5: პერსონალურად დაუდგა ლეონარდო ბონუჩი და გაანეიტრალა კიდეც. რასპადორი სტატიკური გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია 6: თავს ითავისუფლებდა, მოქმედებდა უდიდესი ხარისხით, მაგრამ როდესაც საქმე მისი თამაშის მატერიალიზაციაზე მიდგებოდა, პრაქტიკულ შედგს ვერ აღწევდა.

რუდი გარსია: მისმა გუნდმა ითამაშა ფრედ, თუმცა ეს შედეგი წაგებას უფრო ჰგავდა, რადგან „უნიონ ბერლინს” ძალიან ცუდი პერიოდი უდგას. მართალია უპირატესობას „ნაპოლი” ფლობდა, მაგრამ ორი ქულა დაიკარგა, რასაც არავინ ელოდა. პოლიტანოს შეცვლამ მაშინ, როდესაც ის გუნდს მოედანზე სჭირდებოდა, ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა მითუფრო, რომ რომაელი გარემარბი თანაგუნდელთაგან ყველას სჯობდა.