„ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა საღამოს ნეაპოლელთა თავკაცი რუდი გარსია ჟურნალისტებს შეხვდა. მან თქვა:

„ეს არის პრეს-კონფერენცია, რომელზეც „ვერონასთან” შეხვედრის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მე წყნარად ვარ. თქვენს შეკითხვებს ემოციურად თუ ვუპასუხებ ეს არ ნიშნავს, რომ ვნერვიულობ. ის, რაც „ფიორენტინასთან” თამაშის შემდეგ მოხდა ჩემს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა იყო, მაგრამ იმავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. კრიტიკოსებმა გადააჭარბეს, ჩვენ ასე ცუდადაც არ გვილაპარაკია. კრიტიკა არაპროპორციული იყო, თუმცა აქ მთავარი არის ჩემი ურთიერთობა გუნდთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან. მე ჩემი პრეზიდენტის მხარდაჭერით ვსარგებლობ. ცხადია, „ფიორენტინასთან” საქმე კარგად არ წაგვივიდა, მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ და დამალვას არ ვაპირებ, თუმცა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრესისგან მხარში დგომა ვერ ვიგრძენი. ამიტომ, ჟურნალისტებთან ჩემს დამოკიდებულებაზეც დავფიქრდები. თუმცა ახლა, ყველაფერზე მნიშვნელოვანი „ვერონასთან” გამარჯვებაა…

…რატომ გამაწბილეს ჟურნალისტებმა? არ მინდა ყველა ერთ ჯამში მოვხარშო. ზოგმა ძალიან ადრე ჩამომწერა, ზოგმა კი პირიქით, მხარი დამიჭირა…

…ოსიმენის არყოფნა? ამ გუნდში სამი ცენტრალური თავდამსხმელი დამხვდა. რასპადორიც ხომ ცენტრალური თავდამსხმელია. ასე რომ ოსიმენის გარდა კიდევ ორი ცენტრფორვარდი მყავს: ჯაკომო და ჯოვანი სიმეონე. მათ სხვადასხვა თვისებები აქვთ, მაგრამ ორივემ იცის როგორ უნდა გაიტანოს გოლი. გარწმუნებთ, მომდევნო ორ შეხვედრაში ორივეს ვნახავთ მოედანზე. მოკლედ, შეტევაში კარგად ვართ დაკომპლექტებულები. ნახევარდაცვაში კი ცოტა სხვანაირი სურათი გვაქვს. ზაფხულში გაძლიერების მიზნით კაიუსტე ვიყიდეთ. მე თუ მკითხავთ, ისინი ყველანი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან. სამწუხაროდ, დღეს ზამბო ანგისაც არ გვეყოლება, მას სწორედ კაიუსტე შეცვლის…

…„ვერონასთან” როგორ შეხვედრას ველი? რთულს. ვერონაში გამარჯვება ყოველთვის ძალიან ძნელია. ჩვენ უნდა შევუტიოთ, კარგად უნდა ვითამაშოთ როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე.  „ვერონა” რთული მეტოქეა. მას გულშემატკივარი გაამხნევებს, მაგრამ შეხვედრისთვის მზად ვართ და არც მოწადინება გვაკლია…

…რა არის გამოსასწორებელი? ყველაფერს ნამდვილად ვერ შვეცვლით. ჩვენ „რეალთან” თამაშის პირველ ტაიმამდე ჩინებულ გზაზე ვიდექით. ფეხბურთელებთან ფიზიკურად და ტაქტიკურად დამატებითი მუშაობა არ არის საჭირო. ისედაც ბევრს ვმუშაობთ. დღეს მატიას ოლივერაც დაგვიბრუნდება, თუმცა მგზავრობით იქნება დაღლილი. რაჰმანი? ისიც გამოჯანმრთელდა, ასე რომ ოლივერას შეუძლია ნატანის მეწყვილეც იყოს და რაჰმანისაც…

…რას ველოდები გუნდისგან? ვხედავ, რომ ბიჭებს მოგების დიდი სურვილი აქვთ. ასეთ დროს ყველა მათგანის განწყობა მნიშვნელოვანია. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მოტივირებულია და მოედანზე ვაჩვენებთ, რომ გამარჯვებისთვის ძალას არ დავუშურებთ…

…რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას დე ლაურენტისთან, ეს „ვერონასთან” შეხვედრას არ ეხება…