საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
47 წლის სპეციალისტმა საფრანგეთში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგა. ბორჯღალოსნებმა X მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი წააგეს – ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან, ერთი კი, პორტუგალიასთან ფრედ დაასრულეს და საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავეს.
ცხადია, ამბიციაგაზრდილ საქართველოს მოვლენეთა ასეთი განვითარება არანაირად აწყობდა, მსოფლიო თასამდე შეკოწიწებული რეპუტაცია 5 კვირაში ლამის სრულად ჩამოიშალა და რაღა თქმა უნდა, თავმოყვარე მაისაშვილს გუნდში დარჩენის მორალური უფლება აღარ ჰქონდა.
უფრო მეტიც, ლევანმა „შავი ლომის“ დამრიგებლის თანამდებობაც დატოვა და თუ ნაკრებს უახლოესი მატჩი თებერვლის დასაწყისში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში უწევს, პირველ ქართულ პროფესიულ ფრენჩაიზს სეზონი სულ მალე, რამდენიმე კვირაში ეწყება. წინ „რაგბი ევროპის“ სუპერთასია, შემდეგ კი ჩელენჯ კაპზე ძალიან საპასუხისმგებლო დებიუტის დროც დადგება. ეს – დეკემბერში. ანუ „შავი ლომი“ მაისაშვილის გადადგომით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაგბის კავშირი ლევანის შემცვლელის მოძიებაზე ფორსირებულად მუშაობს და იმედია, სულ მალე გვეცოდინება, თუ ვინ ჩაიბარებს „შავი ლომის“ საჭეს. ხოლო ვინაიდან ეს ფრენჩაიზი ნაკრების საბაზო გუნდად ჩამოყალიბდა, უპრიანი იქნება, თუ მისი დამრიგებელი პარალელურად ბორჯღალოსნებსაც უხელმძღვანელებს.
ლევან მაისაშვილი კი ნაკრების თავკაცად, შეიძლება ითქვას, კოვიდის პანდემიამ აქცია. 2020 წელს, როცა კავშირი მოლაპარაკებებს სამხრეთაფრიკელ სპეციალისტთან მართავდა, სამყაროს თავს ვერაგი ვირუსი დაატყდა, აფრიკელთან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაისაშვილმა ამასობაში გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა და გადაწყდა, რომ ნაკრები მას სრულფასოვნად ჩაბარებოდა.
მაისაშვილის ხელში გუნდმა აშკარა პროგრესი განიცადა, მაგრამ მსოფლიო თასზე მოულოდნელმა ჩავარდნამ მთელი მისი გარჯა ქარს გაატანა.