ბრაგაში, თავსხმაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია და იმ ფანტასტიკური სამყაროს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც კვარავაჯოს ნიჭითა და კვარადონას აღმაფრენით შეიძლებოდა დახატულიყო ელმასმა შეცვალა. დღეს, „ლივერპულთან” ფენომენალური ჩემპიონთალიგური დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ ევროპულ დებიუტზე ვლაპარაკობთ: ამჯერად ნაცრისფერზე, მუქზე, გაელვებებს მოკლებულზე. თუ ავდარში ცაში გაელვებებს არ ჩავთვლით. ხვიჩა კარგა ხანია აღარ არის ილუზიონისტი, რომელიც ერთი ადგილიდან ქრება და მეორე ადგილას ჩნდება. ზუსტად რომ ვთქვათ, ის ასეთი 19 მარტის, „ტორინო”-„ნაპოლის” შეხვედრის მეორე ტაიმის შემდეგ აღარ არის. „ოქროს ბურთზე” ნომინირებული ჯადოსნური ფეხბურთელის უარესი ვერსია რასაკვირველია ახალი სეზონის დასაწყისშიც სცენაზეა, მაგრამ ამ ყველაფრის ფესვები უფრო სიღრმიდან მოდის.

ხუთი თვე ძალიან ბევრია: ალბათ დადგა შოკის, გამოღვიძების, დიდი დაბრუნების მომენტი. ხვიჩას ძველ და ახალ ფეხბურთს შორის სხვაობა ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც საკუთრივ გუნდის ადრინდელ და ახლანდელ თამაშს შორის და ეს ცხადად გამოჩნდა გარსიას სათადარიგოთა სკამთან, „მარასიზე” 2:2-ის დღეს, 89-ე წუთზე, კვარაცხელიას ძერბინით გახმაურებული შეცვლის დროს. კიდევ „მარადონაზე”, „ლაციოსთან” მატჩის (1:2) 66-ე წუთზე.

თუ პრობლემა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკურია, მაშინ მას რუდი და რუდის ასისტენტები მოაგვარებენ, სხვა მხრივ კი მათ დახმარება დასჭირდებათ. თუმცა, ყველა ვარიანტში თავად კვარამ  უნდა მოინდომის. მთავარი კი უცვლელი რჩება: „ნაპოლისთვის” ეს მემკვიდრეობაა და კლუბს ამ მემკვიდრეობით ხელახლა დატკბობა ეჩქარება. თუმცა ახალ სეზონში ჩინებული ფეხბურთი ვეღარ ვნახეთ: ფროზინონეში კვარამ დაღლილობის გამო ვერ ითამაშა, „სასუოლოსთან” შეხვედრაში დი ლორენცოს საგოლე პასი მიაწოდა, რაც იმედისმომცემი ნიშნად მივიღეთ, მაგრამ ის გაქრა „ლაციოსთან”, „ჯენოასთან” და „ბრაგასთან”.

სად წავიდა კვარადონა?

სამკაციანი თავდასხმის მრისხანე მარცხენა გარემარბი, რომელიც თავის ფრთას და ხალხს ცეცხლის ალში ხვევდა, ხანდახან კი შუაშიც შედიოდა, ამ სეზონში შეზღუდული იდეების მქონე თავდამსხმელად მოგვევლინა, რომელსაც მუდმივად ორი კაცი კეტავს და ის ხშირად შედის ცენტრში, ოსის ტერიტორიაზე. მაგრამ, რაკი ასე ათამაშებს, გარსიას ეს ვარიანტი სავარაუდოდ მოსწონს, თუმცა დიდი წარმატება არ აქვს. იქნებ, ეს დაბრკოლება დროებითი ამბავია? გარსიამ ბრაგაში თქვა: „მან თავიდან უნდა იპოვოს რიტმი. შეტევის ფაზა, რომელშიც ის მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არსებობს დაცვის ფაზაც. და კიდევ, მან არ უნდა ინერვიულოს იმის გამო რომ გოლი ვერ გააქვს. მან ყურადღება თამაშზე უნდა მოიკრიბოს და სცადოს შედეგიანი არა მარტო გოლით, არამედ საგოლე პასითაც იყოს”.

კვარას უგოლობა

როგორც ვთქვით, კვარას გოლი სტატიის დაწერის მომენტისთვის 187 დღეა არ გაუტანია — 19 მარტის, „ტოროსთან” მატჩის შემდეგ; პირველი და ერთადერთი საგოლე გადაცემა კი ორი საგოლე პასით ოსიმენის ახალ ასისტენტს დი ლორენცოს მიაწოდა. არადა ფაქტია, რომ ერთი წლის წინ კვარა წარმატებით ასხამდა ხორცს მუჰამედ ალის ყველაზე ცნობილ, დევიზად ქცეულ აფორიზმს: „უკბინე, როგორც ფუტკარმა; იფრინე, როგორც პეპელამ”. მოედანი ჰგავდა რგოლს, რომელსაც მისი ნიჭისგან ცეცხლი ეკიდა. მაგრამ ეს აღმაფრენა უცებ შეწყდა. ან ასე ვთქვათ: აპრილის მერე ის აღარ არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეებს დიქტატორთათვის დამახასიათებელი ამპარტავნობით თელავს. ის აღარ ჰგავს ილუზიონისტს: მოულოდნელობის ეფექტი გაქრა, მაგრამ ეს მოვლენათა განვითარების ბუნებრივი შედეგია. მწვრთნელები და მცველები ამ ეფექტს ელიან და მის შესაჩერებლად მზად არიან; მაგრამ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოსასწორებელია. საჭიროა ფეხებისა და გონების სიმსუბუქე და ბრწყინვალება. ერთხელ მან თქვა: „არ მეშინია, რომ მეტოქეები შემისწავლიან, რადგან ჩემი ფეხბურთი ვარჯიშზე ნასწავლი არ არის. თან, ბევრს ვმუშაობ, რათა კიდევ უფრო დავიხვეწო”. და კიდევ განმარტა: „მე თავისუფლება მიტაცებს”. ახლა კი მისი სითამამე, საკუთარი თავის რწმენა და ანარქიული ფეხბურთის სიხარული თითქოს მიძინებულია. ლისტონთან ბრძოლის წინ, პეპლისა და ფუტკრის მეტაფორას ალიმაც კიდევ ერთი მოაყოლა: „იბრძოლე, ბიჭო, იბრძოლე!”

ფაბიო მანდარინი, Corriere dello Sport