ვიდრე ყველა წამყვანი სარაგბო შიდა ჩემპიონატი მსოფლიო თასის გამო ან პაუზაზეა გასული, ან ჯერაც არ დაწყებულა, საფრანგეთის პრო დ2 შეუსვენებლად, რამდენიმე დღიანი ინტერვალებით ტურს ტურზე ატარებს.

მე-5 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა, მანამდე კი, მე-4 ტურში  ქართველმა მორაგბემ 2 გატანილი ჯარიმით ისახელა თავი.

საუბარია „ორიაკის“ მორაგბეებზე. ცნობილია, რომ ამ კლუბის ძირითად ბირთვს ტრადიციულად ქართველები შეადგენენ და სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობს ჩვენებური.

ჰოდა, მე-4 ტურში, როცა „ორიაკმა“ „კოლომიესთან“ გასვლითი მატჩი ბონუსით – 22:27 წააგო, 21 წლის დაჩი პაპუნაშვილმა შეხვედრა გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელად ხომ ჩაატარა და 66-ე წუთზე ჯარიმის შესრულება ითავა და გაიტანა კიდეც, უკვე გაწითლებულ დროში კი ზუსტი დარტყმით გუნდს ხსენებული ბონუსი შესძინა.

სამშაბათ-ოთხშაბათს გამართულ მე-5 ტურში კი „ორიაკს“ უკვე შინ ჰქონდა მატჩი – „გრენობლის“ წინააღმდეგ, რომელსაც ჩამოკლებული 6 ქულა დაუბრუნეს. ჰოდა, მასპინძლებმა 27:23 მოიგეს, ლუკა გოგინავას გუნდს სანუგეშო ბონუსი გაატანეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორიაკელთა ორივე ლელო საკუთარ ანგარიშზე ქართველებმა ჩაიწერეს.

ჯერ იყო და, 47-ე წუთზე ბექა შვანგირაძემ ლელოში ორი მეურვე შეათრია, ორივეს აჯობა და ბურთის გაზონთან კონტაქტი იქმდე შეინარჩუნა, ვიდრე ამაში რეფერი არ დაარწმუნა. ეს იყო 21 წლის მესამეხაზელის მე-2 ლელო მიმდინარე სეზონში და მე-5 მის ფრანგულ კარიერაში. უნდა ითქვას, რომ ამ ლელოს დადებაში აქტიური მონაწილეობა ბექას თანატოლმა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ მიიღო

61-ეზე კი ბიჭებმა როლები გაცვალეს. მიშიკოს დაწყებული შეტევა მრავალი ფაზისგან შედგებოდა, შვანგირაძემ ხაზი გაარღვია და ბურთი ალანიას გააყოლა, რომელმაც სეზონში თავისი პირველი ლელო ჩათვლის მოედანზე ეულად შერბენით მიითვალა. ეს იყო მიშიკოს პირველი სეზონური ლელო, სულ კი მის კარიერაში უკვე 4 ლელო დაგროვდა პრო დ2-ში ჩატარებულ  32 მატჩში.