არ წყდება დავა-კამათი 21 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაბრი ვეიგას „სელტადან” საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში” გადასვლის გამო. ვეიგას „ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ნახევარმცველმა დიდ ევროპულ ფეხბურთზე უარი თქვა და მას დიდი არაბული ფული ამჯობინა.
„სელტას” კაპიტანმა 36 წლის იაგო ასპასმა ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებაზე თავისი აზრი გამოთქვა: „ჩვენ სულ სხვა ტრანსფერს ველოდით. გვეგონა ვეიგა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ კლუბში გადადიოდა, მაგრამ მისმა ოჯახმა სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ საუდის არაბეთში გადასვლა უკეთესი იქნებოდა”.
ასპასმა აგრეთვე თქვა, რომ ვეიგას „ალ აჰლისთან” არცთუ გრძელვადიანი ხელშეკრულება აკავშირებს და ვინაიდან ის მხოლოდ 21 წლის არის, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში დაბრუნდეს.
„საერთოდ, იმედი მაქვს, რომ საუდის არაბეთში წასული ფეხბურთელები ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში დაბრუნდებიან”, — თქვა მან.