26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა თქვა, რომ როგორც კი ინგლისში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემში” თამაშობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს. ის ნაკრებში იყო გამოძახებული და როდესაც ბოლივიასთან შეხვედრაში შეცვალეს, ტირილი დაიწყო. ბრაზილიამ ბოლივიას 5:1 მოუგო. რიშარლისონმა გოლი ვერ გაიტანა.

Richarlison was in tears after being substituted by Brazil at the weekendმან ვერც პერუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ფორვარდს უკვე ოთხი თამაშია, რაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გოლი არ შეუგდია. რაც შეეხება კლუბს, რიშარლისონი თორმეტი თვეა „დეზებში” თამაშობს და 40 მატჩში მხოლოდ ოთხჯერ გაიტანა. მიმდინარე სეზონში „სფურზის” ახალმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოგლუმ ბრაზილიელი პირველ სამ ტურში ათამაშა, მაგრამ მან ვერ ივარგა. და აი, „ო გლობოსთან” ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ ფსიქოლოგიური სირთულეების წინაშე დგას.

„ინგლისში რომ დავბრუნდები ფსიქოლოგიურ დახმარებას მივმართავ, — თქვა „უოტფორდისა” და „ევერტონის” ყოფილმა ფეხბურთელმა, — მოედანზე გუნდური მოთამაშე ვარ. ვცდილობ თანაგუნდელებს რაც შეიძლება მეტად დავეხმარო, მაგრამ ხანდახან საქმეები ისე ვერ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ვფიქრობ, მოედანზე ჩემი დაბრკოლება იმ პრობლემების ბრალია, მოედანს მიღმა რომ მქონდა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რყევებით სავსე ცხოვრება გავიარე. საბედნიეროდ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ დასრულდა. ხალხი, რომელსაც ჩემი ფულის ხელში ჩაგდება უნდოდა, შემეშვა. თან რთული პერიოდი ჩემ გამო არ დამდგარა, ის ჩემი ახლო გარემოცვის ბრალი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან საქმე კარგად წავა. ეჭვი არ მეპარება, რომ „ტოტენჰემში” კარიერის წარმატებული პერიოდი დამეწყება”.

შემდეგ, რიშარლისონმა ბოლივიასთან თამაშზე ილაპარაკა: „გული იმაზე დამწყდა, რომ ბოლივიასთან მართალია გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ ცუდად არ მითამაშია”.