ევრო-2018-ზე, ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს.
D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
A-ჯგუფის ქომაგებით ღარიბ თამაშში სერბეთმა ისლანდია ბოლო წუთებზე გატეხა და მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურიც ააცალა. ბალკანელები 48-ე წუთზე სამი ბურთით უკან იყვნენ, მაგრამ უეცრად მოდუნებულ მეტოქეს 50-ე წუთამდე დაეწივნენ და თამაში თავად მოიგეს სამბურთიანი სხვაობით – 29:26. იმავე ჯგუფის სატურნიროდ უმოტივაციო, მაგრამ მრავალრიცხოვანი მასპინძელი პუბლიკისთვის მნიშვნელოვან თამაშში ხორვატიას სკანდინავიური ალიყური მოხვდა. ზედ თამაშის ბოლო წამზე გატანილი გოლით შვედებმა მეტოქის დამცირება დაასრულეს – 35:31.
B ჯგუფში საფრანგეთს არ გასჭირვებია ბელარუსთან (32:25), თუმც ნორვეგიამ ავსტრია შემუსრა – 39:28 და სლავები მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდნენ. მთავარ სათქმელს კი C ჯგუფში მივადექით: გერმანიამ ისევ ვერ მოიგო. მაკედონიასთან ნათამაშევი 25:25 მიუთითებს, რომ გერმანელთა სანაკრებო კრიზისი მთლად მოკლევადიანი არ უნდა იყოს. ყველაფერი მეორე ეტაპზე გამოჩნდება. საბრალო მონტენეგრომ კი მაკედონიის ნაკრებთან ყოჩაღი ბრძოლის შემდეგ სლოვენიასთან ბევრად უფრო დამაჯერებლად, 19:28 წააგო და ზაგრებიდან გუდა-ნაბადი აიკრა.
ახლა კი ჯერ პირველი, ანუ წინასწარი ეტაპის დასკვნითი ცხრილები იხილეთ:
პირველი ეტაპი. სატურნირო მდგომარეობა დასკვნითი ტურის შემდეგ:
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი A
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
შვედეთი | 2 | 0 | 1 | 89:82 | 4 |
ხორვატია | 2 | 0 | 1 | 92:79 | 4 |
სერბეთი | 1 | 0 | 2 | 76:88 | 2 |
ისლანდია | 1 | 0 | 2 | 74:82 | 2 |
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი B
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 3 | 0 | 0 | 97:82 | 6 |
ნორვეგია | 2 | 0 | 1 | 103:88 | 4 |
ბელარუსი | 1 | 0 | 2 | 80:91 | 2 |
ავსტრია | 0 | 0 | 3 | 80:99 | 0 |
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი C
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
მაკედონია | 2 | 1 | 0 | 79:77 | 5 |
გერმანია | 1 | 2 | 0 | 82:69 | 4 |
სლოვენია | 1 | 1 | 1 | 77:69 | 3 |
მონტენეგრო | 0 | 0 | 3 | 66:89 | 0 |
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი D
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
ესპანეთი | 2 | 0 | 1 | 81:65 | 4 |
დანია | 2 | 0 | 1 | 84:75 | 4 |
ჩეხეთი | 2 | 0 | 1 | 76:86 | 4 |
უნგრეთი | 0 | 0 | 3 | 77:92 | 0 |
შემდეგ კი მთავარ ჯგუფურ ტურნირს შევეხოთ. წინაწარი რაუნდის 3-3 საუკეთესო (სულ 12 ნაკრები), როგორც ადრე აღვნიშნეთ, ორ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. ამასთან, წინასწარი ეტაპის მეტოქენი ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ურთიერთშეხვედრათა შედეგებიც ჩაეთვალათ. შესაბამისად, მეორე, ძირითადი ეტაპის სატურნირო ცხრილები არა სუფთა ფურცლიდან შეივსება, არამედ წინასწარ ეტაპზე ნაკრებთა მიერ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგების გათალისწინებით. ცხრილში შვედეთი საფრანგეთს უსწრებს, მაკედონია – ესპანეთს, ანუ ახალ კონფიგურაციას ოდნავ კურიოზული ელფერი დაჰკრავს, მაგრამ მომდევნო მატჩები ამას ალბათ გამოასწორებს, გერმანელებს კი სიზუსტე არასოდეს ღალატობთ: უშუალო მეტოქეებთან 50 ბურთი გაუტანიათ და 50 გაუშვიათ. ეს რიცხვები ევრო-2018-ზე მათ შანსებსაც, ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს.