იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს იტალიას. ამდენივე ქულა აქვთ უკრაინასა და ჩრდილო მაკედონიას, მაგრამ მათ ინგლისის მსგავსად ეს ქულები 5 ტურში აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა უქულო მალტა.

მატჩის შემდეგ სპალეტიმ თქვა: „ყველაფერზე, რაც ამ დღეებში მაკედონიასა და მილანში მოხდა, პასუხისმგებელი ვარ. ასეთ დატვირთვას დაჩვეული გახლავართ. ჩვენ თვითონ გვინდა დაძაბული შეხვედრების ჩატარება. მომავალში უფრო დიდი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დაძაბულობა საკუთარ თავზე წარმოდგენას გიქმნის. ხედავ, როგორ რეაგირებ ჩავარდნებსა და სირთულეებზე. არსებობს შეხვედრები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიგო და ამ დროს ნათლად ჩანს, რა კაცი ხარ სინამდვილეში. შენს ხელთ არსებული დრო სწორად უნდა გამოიყენო და ის მთლიანად უნდა მიუძღვნა ნაკრებს, რომელიც გიყვარს”.

ნაკრები: „აძურას სკამზე ჯდომით დიდ სიამოვნებას ვიღებ. თავი სამოთხეში მგონია. ვხედავ, როგორი გაგებითა და მონდომებით ეკიდებიან საქმეს ფეხბურთელები. მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც ვთხოვე. სირთულეები რასაკვირველია ყველა საქმეს ახლავს, მაგრამ აგრეთვე არსებობს ვალდებულება, რომელიც უნდა მივიღოთ.

ხშირად მისტირიან სხვანაირ ფეხბურთს, მაგრამ ის წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ ვაპირებთ ოცი წლის წინანდელი სტილით თამაშს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რა გვინდა და საით მივდივართ. დღევანდელი ფეხბურთელებიც ამას ითხოვენ. დროს აუცილებლად უნდა მოვერგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის”.

დონარუმას უსტვინეს: ამ თემას ჩვენ კრებაზეც შევეხეთ. ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ ნიჭიერი ბიჭები, რომლებიც თავიანთ მდგომარეობას ხანდახან ბოროტად იყენებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ. ხალხს აუცილებლად მოუნდება ასეთს კართან ჩაუსაფრდეს. ჩვენ პრივილიგირებული ადამიანები ვართ და ამიტომ რაც ჩვენს თავს ხდება, მორჩილად უნდა მივიღოთ. თუ გვისტვენენ, ესე იგი ტაშს არ ვიმსახურებთ. ასეთ დროს უნდა გავჩუმდეთ. მე არ მიყვარს ისინი, ვინც მერე სოცილურ ქსელებში რეაგირებენ და აქტიურებენ”.

იმობილე: მისნაირები სხვებიც არიან, მაგალითად ჯანლუკა სკამაკა და ბიოტი კინი, ასე რომ ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებას ყოველთვის ყურადღებით მოვეკიდებით. დღევანდელ გამარჯვებაში კი ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. არა მარტო იმობილე, არამედ ყველა, ვინც მაკედონიაში საშინელ მოედანზე ითამაშა, უკრაინასთან დასვენებას საჭიროებდა. ზოგადად, გაცილებით ადვილია ფეხბურთელი არ გამოიძახო, ვიდრე გამოიძახო და მერე ტრიბუნაზე დასვა”.

შეხვედრის ანალიზი: „დღეს გუნდი კარგად მოძრაობდა, თუმცა, როდესაც თამაშის გარდაქმნა და თანამედროვე ფეხბურთი გინდა, უნდა იცოდე, რომ სივრცეების დატოვების რისკის წინაშე დგები. 2:0-ის შემდეგ უკრაინამ სცადა ბურთის კონტროლი დაებრუნებინა და მეორე ტაიმში ორჯერ პრობლემებიც შეგვიქმნა. მინდა შევაქო დი ლორენცო, რომელმაც მჭიდრო თამაშს მიმართა. ყველა ჰიპოთეტური საგოლე ეპიზოდის გათვალისწინებით, ჩვენ უპირველეს ყოვლისა თამაში უნდა ჩაგვეკეტა. პირველ ტაიმში, ბურთის მოგების შემდეგ 8-10 საპასუხო შეტევა წამოვიწყეთ, რამაც მეტოქეს საკუთარი თავის რწმენა შეურყია”.