ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე ლამინე იამალი და ნოკი უილიამსი გავიდნენ. ფაბიენ რუისის მაგივრად კი მიკელ მერინომ ითამაშა.

ანგარიში მე-18 წუთზე გავიმ გახსნა. მას საგოლე პასი უილიამსმა მიაწოდა. 15 წუთში უილიამსმა საგოლე პასი მერინოსაც მიაწოდა — 2:0.

ესპანელები მეორე ტაიმში იშტაზე მოსულები დაუბრუნდნენ მოედანს. 70-ე წუთზე მესამე გოლი ხოსელუმ შეაგდო, სამ წუში კი ფერან ტორესმა მეოთხე გაიტანა.

76-ე წუთზე გავის მაგივრად მოედანზე „ვილიარეალის” 22 წლის ნახევარმცველი ალექს ბაენა შევიდა და ისევე, როგორც 16 წლის იამალმა თბილისში, სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ამისათვის მას 4 წუთი დასჭირდა. 83-ე წუთზე ფერან ტორესმა თავისი მეორე გოლი შეაგდო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„მეცხრე ცაზე ვარ, ნაკრებში თამაში ყველა ესპანელი ფეხბურთელის ოცნებაა. ეს უმაღლესი მიღწევაა, მე კი პირველივე შეხვედრაში გოლიც გავიტანე. მიხარია, რომ გუნდმა დღეს დიდებულად ითამაშა”, — თქვა„მარკასთან” საუბრისას ბაენამ.

5 ტურის შემდეგ ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფს 15 ქულით შოტლანდია ლიდერობს. თამაშით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ 9-ქულიან ესპანეთს. ნორვეგია 7 ქულით მესამეზეა. მეოთხეზეა 4 ქულიანი საქართველო, ხოლო ბოლო ადგილზე დარჩენილ კვიპროსს ქულა საერთოდ არ აქვს.

შესარჩევი შეჯიბრების მომდევნო ტური 12 და 15 ოქტომბერსაა. ესპანეთი შოტლანდიას მასპინძლობს და ნორვეგიას სტუმრობს.