ზოგ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ისეთი დებიუტი ჰქონდა, არასდროს რომ დაავიწყდება. ასეთები იყვნენ მაგალითად უელსელი ვეტერანი გარეთ ბეილი და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი. ბეილმა სანაკებო კარიერაში პირველი გოლი სულაც ევროდებიუტის დღეს გაიტანა, თან საჯარიმო დარტყმით, რაც შემდეგ მის საფირმო ილეთად იქცა. იმ დღეს უელსელი 17 წელს სულრაღაც სამი თვით იყო გადაცილებული.
მაგრამ გუშინ ერთსაც და მეორესაც ესპანელმა ლამინე იამალმა აჯობა, რომელმაც თბილისში საქართველოს ნაკრებს გოლი 16 წლისა და 57 დღისამ გაუტანა. ეს მოხდა ევრო 2024-ის შესარჩევში. uefa.com გვთავაზობს ხუთი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორის ჩამონათვალს.
ლამინე იამალი
საქართველო-ესპანეთი 1:7 08/09/2023
16 წლის და 57 დღის
ამ შეხვედრაში იამალმა პირველი რეკორდი მოედანზე შესვლისთანავე დაამყარა, რადგან გახდა უმრწმესი, ვისაც ესპანეთის ნაკრებში უთამაშია. მან მოხსნა თანაგუნდელის გავის მიერ 2021 წელს დამყარებული რეკორდი. იამალს სანაკრებო დებიუტამდე მშობლიური ქალაქის ბარსელონას შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ გამოუცდელობა მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა და ნიკო ვილიამსის პასი ზუსტად შეაგდო ქართველების კარში.
„ნიკომ ჩინებული პასი მომცა, მეკარესთან პირისპირ დამტოვა და მეც უბრალოდ იქ დავარტყი სადაც გულმა და სხეულმა მიკარნახა”, — თქვა ბიჭუნამ, რომელმაც მამის სამშობლოს, მაროკოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და ესპანელობა ამჯობინა.
გარეთ ბეილი
უელსი-სლოვაკეთი 1:5 07/10/2006
17 წლის და 83 დღის
ბეილის პირველმა სანაკრებო გოლმა ტკბილ-მწარე მოგონება დატოვა. უელსი შინ სლოვაკებთან 0:2-ს აგებდა, მაგრამ 37-ე წუთზე ყმაწვილკაცმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა. ასე გახდა ბეილი ყველაზე ახალგაზრდა უელსელი, რომელსაც ნაკრების მაისურით გოლი გაუტანია. ამის მიუხედავად, სლოვაკეთმა უელსს 5:1 მოუგო და ევრო 2008-ის შესარჩევში საქმე გაუფუჭა.
როდესაც მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა ყმაწვილი ბეილი ნაკრებში მიიწვია, ის „საუთჰემპტონში” ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. მაშინ, უელსელთა კაპიტანმა კრეიგ ბელამიმ თქვა: „ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს. ის მომდევნო 14-15 წლის განმავლობაში დიდი ძალა იქნება”. ბელამი მართალი გამოდგა.
ლევან მჭედლიძე
საქართველო-შოტლანდია 2:0 17/10/2007
17 წლის და 207 დღის
თბილისის „დინამოს” 1981 წლის თასების თასის მფლობელი გუნდის სათადარიგო მეკარის კარლო მჭედლიძის ვაჟი 14 წლისა იტალიაში გადაბარგდა. მას ქართველ იბრაჰიმოვიჩს ეძახდნენ. მჭედლიძემ ითამაშა „პალერმოსა” „ემპოლიში”, სადაც 13 სეზონი გაატარა. საინტერესო დამთხვევაა, რომ თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში პირველი თამაში სწორედ იტალიის წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა გოლი მეორე შეხვედრაში, შოტლანდიას გაუტანა.
„შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ემპოლიში რომ დავბრუნდი, ყველა გულშემატკივარი მცნობდა, — იგონებს მჭედლიძე, რომელმაც მას მერე ნაკრებში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, — იმ გოლის წყალობით ხალხმა სამშობლოშიც გამიცნო. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო”.
ბენ საჰარი
ისრაელი-ესტონეთი 4:0 28/03/2007
17 წლის და 230 დღის
საჰარი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და მალევე დაამტკიცა, რომ სანაკრებო დონის მოთამაშეა. მან ესტონელებთან შეხვედრაში ისრაელის ეროვნული გუნდის მესამე გოლი შეაგდო. თავდამსხმელმა, რომლითაც იმხანად „ჩელსი” იყო დაინტერესებული, სამი წუთის შემდეგ მეორე გოლიც გაიტანა.
იმ დღეს ისრაელის ნაკრების თავკაცმა დრორ კაშტანმა თქვა: „საჰარი უეჭველად ნიჭიერია. მე მის განვითარებას რამდენიმე წელიწადია ვაკვირდები და სწორედ ამიტომ მივეცი ასეთ ასაკში თამაშის შანსი”. სულ ბენ საჰარმა ისრაელის ნაკრების შემადგენლობაში 44-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.
უეინ რუნი
ჩრდ. მაკედონია-ინგლისი 1:2 06/09/2003
17 წლის და 317 დღის
იმ დღეს ანგარიში გეორგი ჰრისტოვმა გახსნა და მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ინგლისმა შესვენების შემდეგ გაათანაბრა — დევიდ ბექემის ჩაწოდებული ბურთი ემილ ჰესკიმ თავურით „ევერტონის” ახალგაზრდა ფორვარდს გადაუგდო და მან გოლი შეაგდო. ინგლისელთა მეორე გოლი თავად ბექემმა გაიტანა.
„ის ნიჭიერი, მაღალი დონის ფეხბურთელია, — თქვა ინგლისის ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა, — მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, რუნი ძალიან შორს წავა.” და ასეც მოხდა. უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ნაკრებში მისი რეკორდი ბოლოს მხოლოდ ჰარი კეინმა მოხსნა.
