No description available.ოთხმა წელიწადმა უსწრაფესად ჩაიარა და მორიგი სარაგბო მსოფლიო თასის დროც მოვიდა. 8 სექტემბერს, ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩით დაიწყება რიგით მე-10 გლობალური სარაგბო ფორუმი.

9-ში კი საქმეში ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან და პარიზის ჩრდილოეთ გარეუბან სენ-დენიში 80-ათასიან ქვეყნის უმთავრეს არენაზე – „სტად დე ფრანსზე“ – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიელ „ვოლაბებს“ შეერკინებიან.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეექვსედ ითამაშებს. სადებიუტო, 2003 წლის ტურნირზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი წააგეს და პირველ გამარჯვებას მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიაღწიეს, როცა ნამიბიის ნაკრები 30:0 დაამარცხეს. პირველი ლელო და პირველი ზუსტი საჯარიმო დარტყმა საქართველოს 2003-ში შესაბამისად დავით დადუნაშვილმა და მალხაზ ურჯუკაშვილმა მოუტანეს.

2015-ში კი ბორჯღალოსნებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს, დაამარცხეს რა თავის ჯგუფში ჯერ ტონგა და მერე – ნამიბია. სამწუხაროდ, ბოლო, 2019 წლის მსოფლიო თასზე ამ დონის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ჩვენი ნაკრები მხოლოდ ურუგვაელთა ძლევით დაკმაყოფილდა.

ამჟამინდელი ჯგუფი თითქმის იდენტურია ოთხი წლის წინანდელისა. უელსი, ავსტრალია, ფიჯი. ახალი მხოლოდ პორტუგალიაა, რომელიც, სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის დონეზე ერთადერთია, 6 წლის განმავლობაში ქართველებს მოგება რომ არ დაანება და ფრეს მიაღწია.

წლევანდელი ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვლილია. უელსი დიადებმა დატოვეს და მართალია, ახალგაზრდები მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ ძველების დონეს ვერ აღწევენ. ავსტრალიაზე ლაპარაკიც ზედმეტია – წლეულს ხუთივე ოფიციალური მატჩი წააგო, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოყვა.

No description available.„ვოლაბებს“ სათავეში სახელოვანი ედი ჯონსი ჩაუდგა, რომელიც ცოტა ხნით ადრე არანაკლებ კრიზისში მყოფი ინგლისიდან გააგდეს. სხვათა შორის, ეს ინგლისი ფიჯიმ დაამარცხა – ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილემ.

და საერთოდ, როგორც თამაშის ხარისხის, ისე რეიტინგით სწორედ „მფრინავი ფიჯელები“ არიან ჩვენი ჯგუფის ლიდერები. ფიჯი მე-7 საფეხურზეა „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში, ავსტრალია – მეცხრეზე, უელსი – მეათეზე და საქართველო მე-11. პორტუგალია მე-16 ადგილზეა, თუმცა თავის ატკიება მასაც შეუძლია. მოკლედ, შანსი ნამდვილად გვაქვს, შემადგენლობაც ისეთი გვყავს, არავისზე ნაკლები რომ ეთქმის. რაც შეეხება ავსტრალიასთან შერჩეულ რაზმს, ლევან მაისაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აღნიშნული 23 კაცი მოცემულ მომენტში საუკეთესო კონდიციებშია და ეს პრინციპი მთელი ტურნირის განმავლობაში იქნება ძალაში.

მაშ ასე, აი ისინიც, ვინც შაბათს, 20 საათზე „სტად დე ფრანსზე“ ედი ჯონსის ავსტრალიას დაუპირისპირდებიან:

  1. ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 12 მატჩი, 0 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 100, 70), 3. გურამ პაპიძე (პო, 12, 10), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 48, 5), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 84, 15), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 24, 25), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 7, 0), 8. ბექა გორგაძე (პო,40, 55), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,78, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 10, 71), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 25, 45), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 96, 85), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 28, 10), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 31, 145), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 24, 48).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 4, 0), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 39, 10), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი,36, 15), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 19, 0), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 31, 30), 21. გელა აფრასიძე (ბაიონი,48, 35), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი,43, 333), 23. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 48, 25).

No description available.