იტალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოს საწვრთნელ ბაზაზე „სკუადრა აძურას” პირველი ვარჯიში ჩაუტარა. იტალიელები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე 9 სექტემბერს სკოპიეში ჩრდილო მაკედონიას ეთამაშებიან, ხოლო თორმეტში „სან სიროზე” უკრაინას მასპინძლობენ. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ვარჯიშს იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტი რენცო ულივიერი ესწრებოდა.

გახურების შემდეგ „ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა ფეხბურთელებს პატარა მოედანზე სხვადასხვა ტაქტიკური ვარჯიშები ჩაუტარა. თავიდან 4-3-3 დატესტეს, შემდეგ კი 4-2-3-1. სპალეტი ფეხბურთელებს თამაშის აჩქარებისა და შეტევის დასკვნით ფაზაში ინტენსივობის გაზრდის აუცილებლობაზე ელაპარაკებოდა. 4-2-3-1 სქემის დროს ცენტრალური თავდამსხმელის უკან რიგრიგობით თამაშობდნენ „რომას” 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი და მისი 26 წლის კოლეგა „მონცადან” მატეო პესინა.

ვარჯიშის მეორე ნახევარში სპალეტიმ ფეხბურთელები ორ ნაწილად დაჰყო. მთავარ მოედანზე ჩერტალდოელმა მწვრთნელმა ნახევარმცველები და თავდამსხმელები დაიტოვა, სათადარიგო მინდორზე კი დანიელე ბალდინიმ მცველები ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ „ნაპოლიდან” გამოიძახა მეკარე ალექს მერეტი, მცველი ჯოვანი დი ლორენცო, მარჯვენაფლანგელი მატეო პოლიტანო და თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი — ფაქტობრივად ყველა იტალიელი, ვისაც „პარტენოპეელთა” ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.