იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს თავისი ფეხბურთელების სია დიდად არ შეცვალა და ლოზუნგით „ერთს გავუშვებ, ერთს მოვიყვან” სახელფასო ფინდი არათუ შეინარჩუნა, არამედ ამ მომენტისთვის შემცირებულიც კი აქვს. ასეთი გახლავთ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და მისი დამხმარეების, „სატრანსფერო ბაზრის” უსტაბაშის მიქელისა და ახალი დირექტორის მელუსოს პოლიტიკა. მნიშვნელოვანი იყო კიმისა და ლოსანოს გაყიდვა. ნდომბელეს და ბერეშინსკის კი იჯარის ვადა გაუვიდათ. მოვიდნენ სამნი — ლინდსტრომი, კაიუსტი და ნატანი — რომელთაც ანგარიში არ აურევიათ.

calciomercato წერს, რომ ჯიუნტოლის მელუსოთი და სპალეტის რუდი გარსიათი შეცვლა „ნაპოლისთვის” ხელმომჭირნეობის თვალსაზრისით კარგი ნაბიჯი გამოდგა. ვიმეორებთ, სადღეისოდ ხელფას-ჰონორარების თანხა შემცირებულია. Calcio&Finanza-ს ინფორმაციით გასული სეზონის 71,8 მილიონმა ევრომ (დაქვითვის შემდეგ 45,6 მილიონი) 68 მილიონ ევრომდე (42,5 მილიონი) დაიკლო.

მაგრამ, ანგარიშიანი დე ლაურენტისი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ორ რთულ მოლაპარაკებას ჯერ კიდევ უნდა გაართვას თავი. ლაპარაკია ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტების განახლებაზე. ორივე ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას ითხოვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართველის ჯამაგირი, რომელიც სადღეისოდ გუნდში ბოლოდან მესამეა(!) და ხელზე 1 მილიონ ევროს უდრის.

ცნობისთვის, ახალმისულ დანიელ იესპერ ლინდსტრომს ხელზე 2,3 მილიონი ევრო დაუნიშნეს. დიეგო დემე, რომელიც ფაქტობრივად არ თამაშობს, ხელზე 2,5 მილიონს იღებს, ვიქტორ ოსიმენს კიძველი კონტრაქტით 4,5 მილიონი აქვს რომელზე მნიშვნელოვნად მეტს იმსახურებს.