Rudi Garcia manager of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and SS Lazio at Stadio Diego Armando Maradona on September 02, 2023...სპალეტის ეფექტი დასრულდა, იწყება გარსიას ეფექტი. მწვრთნელისა, რომელიც გამჭრიხმა დე ლაურენტისმა სადღაც საუდის არაბეთში ნაადრევ პენსიაზე გასული იპოვა და მოაბრუნა. დე ლაურენტისი კი ის კაცია, რომელსაც, რაკიღა ლუჩანოსა და ჯიუნტოლის წყალობით სკუდეტო მოიგო ფეხბურთი თავისი მოგონებული ჰქონია.

„ნაპოლიმ” კვლავ წააგო „ლაციოსთან”, მაგრამ თუ ექვსი თვის წინ ქულების დიდ უპირატესობით სკუდეტოსკენ მიიწევდა, ახლა ეს ძალიან ადრე, მოხდა. ნეაპოლელები „ლაციოსთან” დამარცხდნენ იმ ჩემპიონატის მესამე ტურში რომელშიც მათგან ყველა ან თითქმის ყველა ბისზე გამოსვლას ელის. ჩვენ ვნახეთ ძალიან ცუდი დაცვა და ორად გაწყვეტილი გუნდი, რომელიც თავიდან დაწინაურებას, მერე კი ჩამორჩენის გამოსწორებას ცდილობდა. „ნაპოლის” გაუმართლა, რომ ოთხწუთიან მონაკვეთში VAR-მა მსაჯს ოფსაიდის მიზეზით „ლაციოს” ორი გოლი გააუქმებინა. ერთ ეპიზოდში ამის დამადასტურებელი გამოსახულება ვერ ვნახეთ, მეორეში კი გადაწყვეტილება საკამათო იყო. ფაქტია, რომ „ლაციოს” ფეხბურთელი „ნაპოლის” დაცვის ხაზის მიღმა იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი ბურთს არ შეხებია. ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ მან აიძულა მცველებს ეცადათ ბურთის საჯარიმოდან გამოტანა, რაც მოუხერხებლად გააკეთეს და ეპიზოდი მატეო გენდუზის დარტყმით დასრულდა. ფრანგი კი საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან გაწაფულია.

„ნაპოლი” არ ელოდა, რომ ისევ დამარცხდებოდა. პირველი ოცდაათი წუთის განმავლობაში ის სჯობდა „ლაციოს”, რომელსაც მეკარე პროვედელი შველოდა და რომელიც ამ მონაკვეთში ნამდვილად ჰგავდა აუტსაიდერს. მეტიც: სტილით ის ოდნავადაც არ მოგაგონებდათ სარის გუნდს. რომაელები იყვნენ დამფრთხალნი და უკან დახეულები. ყველა ფეხბურთელი დაცვაში იდგა და შეტევაზე გადასვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ კი ერთ ეპიზოდში ნეაპოლელთა პრესინგი თითქოს შემსუბუქდა და ფელიპე ანდერსონმა და ლუის ალბერტომ ფანტასტიკური გოლი გაიტანეს. ისინი მას მერე აღარც გაჩერებულან. ამიტომაც გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მეორე ტაიმში კამადას გადამწყვეტი გოლი ფელიპე ანდერსენისა და ლუის ალბერტოს წამოწყებული კომბინაციის შედეგად გავიდა. ამ მომენტის შემდეგ ბალანსდაკარგული „ნაპოლი”, რომლმაც ანგარიში ლუის ალბერტოს გოლიდან ორ წუთში ჟელინსკის დარტყმით და რიკოშეტით გაათანაბრა,  მეტოქის რკინის დაცვას შეასკდა და ვეღარაფერი მოიმოქმედა.

მასპინძლები ალბათ დარწმუნებულები იყვნენ რომ სჯობდნენ  მეტოქეს, მაგრამ ფლანგებიდან შეტევები შეწყვიტეს და მას ჩაწოდება-ჩაკიდებების მოსაბეზრებელი ტაქტიკა ამჯობინეს. „ლაციო” კი პირველი ტაიმისგან განსხვავებით ბურთის ყოველი მოპოვების შემდეგ კონტრშეტევას იწყებდა და ხიფათს ქმნიდა. კიმის გარეშე დარჩენილი რაჰმანი წყლიდან ამოყვანილ თევზს ჰგავს (მან არ იცის როგორ შეინარჩუნოს დაცვის ხაზი), ჟუან ჟესუსი კი ყოფილი ფეხბურთელია. და არავის არ უთქვამს დე ლაურენტისისთვის რატომ აყიდინეს ნატანი, რომელიც  გარსიას სათადარიგოთა სკამზე უზის.

ქედმაღლობა, საკუთარი თავის გადაფასება და სასურველის რეალობად მიღება. დღეს „ნაპოლი” მთლიანად მისი პრეზიდენტისა „დიადი” მწვრთნელის ანარეკლია, რომელიც სპალეტისგან დარჩენილ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ სპალეტი იქ აღარ არის. გუნდს სიმშვიდე სჭირდებოდა და არა ფორიაქი. „ნაპოლის” არაფერი მისცა კვარაცხელიას რასპადორით შეცვლამ. სტრატეგიულად უშედეგო იყო ჟელინსკის ნაცვლად სიმეონეს შეყვანა ანუ გუნდის თავდამსხმელებით გავსება. შედეგად, „ლაციომ” თამაში იპოვა, „ნაპოლი” კი გაქრა. „აძურის” სკუდეტო არ დაუკარგავს, მაგრამ თამაშის ძაფი დაკარგა. შესაძლოა ეს ნერვებს გიშლით, მაგრამ ის გუნდების უმრავლესობას დაემსგავსა.

ჯანკარლო პადოვანი. calciomercato