ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს.
მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა, “ჩელენჯერ-ტურნირზე” ორივე სქესის 14 დიდოსტატი იღწვის, მაგრამ ჩვენებური იქ არავინაა და ესენიც დავივიწყოთ და ბოლოს, “მასტერსზე” ფიდეს რეიტინგსიის რჩეული 14 დიდოსტატი გამოდის – ყურადღებას სწორედ ისინი იმსახურებენ (იხილეთ ცხრილი წერილის ბოლოს).
ორი ტურის შემდეგ, ორი მოგებით, ერთპიროვნულად ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი (დიდოსტატ სოფიკო გურამიშვილის მეუღლე) დაწინაურდა, რომელმაც ორივე პარტიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონები დაამარცხა: ჯერ ჩინელი ჰოუ იფანის მანდილს არ გაუწია ანგარიში და 64-ე სვლაზე დააშამათა, შემდეგ კი რუს ვლადიმირ კრამნიკს სულაც 35 სვლა აკმარა ფარხმალის დასაყრელად.
გირს კვალში სამი დიდოსტატი უდგას, სათამაშო კი კიდევ ბევრია, მთელი 11 ტური.
მდომარეობა 2 ტურის შემდეგ:
1. ანიშ გირი (ჰოლანდია) – 2 ქულა
2. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 1,5
3. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 1,5
4. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 1,5
5. გავეინ ჯონსი (ინგლისი) – 1
6. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 1
7. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 1
8. უესლი სო (აშშ) – 1
9. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 1
10. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – 1
11. ბაშკარან ადიბანი (ინდოეთი) – 0,5
12. მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი) – 0,5
13. ვეი ი (ჩინეთი) – 0,5
14. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 0