No description available.„ვორლდ რაგბის“ მსოფლიო რეიტინგს ტექტონიკური ძვრების ხანა უდგას. ჯერ იყო და, რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე ოთხ ერში არგენტინამ ავსტრალიას მოუგო და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე „ვოლაბები“ მე-8 საფეხურზე ჩამოაჩოჩა და თავად მე-7 ადგილზე ავიდა.

გასულ შაბათს კი სამხრეთ ნახევარსფეროშივე სტარტი აიღო „პასიფიკ ნეიშენს კაპმა“ – წყნარი ოკეანის ერთა თასმა. აი იქ კი უფრო მასშტაბური მოულოდნელობა მოხდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ასე გაგრძელდება მომდებნო უქმეებზეც.

ფიჯიმ ტონგას უმასპინძლა და 36:20 დაამარცხა, თანაც 5 ლელო გაუტანა, რამაც ბონუსი შესძინა. ეს ლოგიკური შედეგი იყო. მაგრამ მეორე მატჩში…

იაპონიის ქალაქ საპოროში „მამაცმა საკურებმა“ სამოა მიიღეს და მაგრადაც დაიწყეს – ტაიმის შუისთვის 10:0 იგებდნენ. მაგრამ 30-ეზე იაპონელთა კაპიტანმა და ლიდერმა მაიკლ ლიჩმა უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი გაწირა.

საბოლოოდ, ობიექტურად უფრო სუსტმა სამოელებმა დიდი ძალისხმევის შედეგად სასწორის პინა თავისკენ გადაწონეს და 24:22 დაამარცხეს კაცნაკლული იაპონელები. ინტრიგა კი იმაში იყო, რომ ამ გამარჯვებით სამოელებმა რეიტინგში მე-12 ადგილიდან მეათეზე ისკუპეს, იაპონელებმა კი პირიქით – მე-10 მე-12-ში გაცვალეს. საგულისხმოა, რომ შუაში, მე-11 ადგილზე საქართველოს ნაკრები როგორც იყო, ისევე უცვლელად დარჩა.

დამდეგ შაბათს კი ყველაფერი დიდი ალბთობით კიდევ ერთხელ აირევა – ფიჯელები სამოას ესტუმრებიან და თუ მოიგებენ, ათეულში ამ ჯერზე სწორედ ისინი შეაღწევენ – მე-13 ადგილიდან დაწინაურდებიან, საქართველოსა და იაპონიას მოიტოვებნე უკან, ცხადია, სამოასაც. იმავე დღეს იაპონია კვლავ შინ ტონგას უმასპინძლებს, რომელთან მოგებაც მას ვერაფერს შემატებს.

ტურნირის დასკვნითი უქმეები კი ნამდვილი კულმინაცია იქნება – იაპონია მესამედაც შინ ითამაშებს, ამჯერად ფიჯელებთან და იქ რეიტინგში მორიგი ქარიშხალი წარმოიქმნება. პარალელურად სამოა ტონგას მიიღებს და…

მოკლედ, საქართველოს ნაკრები მყარ მე-11 ადგილზეა და ამ ტურნირის შედეგებით ათეულში ვერანაირად შეაღწევს. აი, სად გაგახსენდება კაცს შარშანდელი გაუთვალისწინებელი მარცხი სამოასთან…

აქვე გთავაზობთ 24 ივლისს განახლებული რეიტინგის მოწინავე 15-ეულს:

  1. ირლანდია 91.82
  2. საფრანგეთი 90.47
  3. ახალი ზელანდია 90.32
  4. სამხრეთ აფრიკა 88.34
  5. შოტლანდია 82.77
  6. ინგლისი 82.12
  7. არგენტინა 81.49
  8. ავსტრალია 80.32
  9. უელსი 78.08
  10. სამოა 77.46
  11. საქართველო 76.23
  12. იაპონია 75.96
  13. ფიჯი 75.35
  14. იტალია 74.63
  15. ტონგა 70.70